მსოფლიოს სერიები ქვიშის ჭიდაობაში - ქართველების სამი მედალი
ვიეტნამის ქალაქ და-ნანგში გამართული ქვიშის ჭიდაობის მსოფლიოს სერიების პირველი ეტაპი საქართველოს წარმომადგენლებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს. ბუნებრივია, სასურველი იყო სამივე მათგანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულიყო, თუმცა არსებული მძიმე კონკურენციის პირობებში ნაჩვენები შედეგიც, ანუ ერთი ოქრო და ორი ვერცხლი საკმაოდ დასაფასებელია.
უმაღლეს დონეზე იასპარეზა ლუკა ჩხიტუნიძემ (80 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი საჰიბ დადაშოვი დაამარცხა. მის მსგავსად, გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბიჯანის წარმომადგენელს ეჭიდავებოდა იუზა ცერცვაძე (90 კგ) და სამწუხაროდ ვერაფერი გააწყო. რაც შეეხება მამუკა კორძაიას (+90 კგ), ის ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველ ვაჟა დაიაურთან დამარცხდა.
ცნობისათვის, საქართველოს სახელით მსოფლიოს სერიებზე კიდევ ხუთი მოჭიდავე, ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ფარტენაძე (70 კგ), დიეგო მახარაძე (80 კგ), თორნიკე თულაშვილი (90 კგ) და ევსემი შველიძე (90 კგ) ასპარეზობდა, თუმცა ყველა მათგანი მედლის გარეშე დარჩა.