მაისურაძის და გამყრელიძის მედლები - თავისუფლებმა ასპარეზობა დაასრულეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გუშინ, აკაკი ქემერტელიძისა (70 კგ) და გივი მაჭარაშვილის (97 კგ) მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ, დღეს მესამე საპრიზო ადგილი კიდევ ორმა ქართველმა სპორტსმენმა, ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) დაიკავა.
მაისურაძეს პირდაპირ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრისთვის არ უჭიდავია, რადგან ნახევარფინალზე ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. დამამშვიდებელი წრის ნახევარფინალში მირიანმა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოჭიდავე იარასლოუ იადკოუსკი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შვეიცარიელ სამუელ შერერს შანსი არ დაუტოვა.
რაც შეეხება გამყრელიძეს, ის წინა დღეს ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, დღეს ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო და თურქი ოსმან გიოჩენი საკმაოდ ლამაზ სტილში დაამარცხა. შეხვედრის ბოლოს ლადომ ულამაზესი, 4-ქულიანი ილეთი შეასრულა და დარბაზში მყოფი მაყურებლებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხი ბრინჯაოს მედალოსნის გარდა, კიდევ ექვსი მოჭიდავე, რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), ნიკა ზაქაშვილი (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ), სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გამოდიოდა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა საპრიზო ადგილი ვერ დაიკავა.