მაჭარაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე - უნგრელ მეტოქეს აჯობა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში სამივე სინჯის მედლების მფლობელები გაირკვა.
ნახევარფინალში სლოვაკ ბატირბეკ ცაკულოვთან მარცხის შემდეგ გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელი რიხარდ ვეგი 5:3 დაამარცხა. ამგვარად, კონტინენტის პირველობაზე 3 ოქროს მედლის შემდეგ გივი მაჭარაშვილის აქტივში ბრინჯაოს მედალიც იქნება.
ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულრაშიდ სადულაევმა ცაკულოვს მოუგო და ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი კი ბულგარელ ახმედ მაგომაევს ერგო.
ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე მედალია. 70 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაო აკაკი ქემერტელიძემ მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), რომელიც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არიან ტიუტრინთან დამარცხდა (3:8), ხოლო ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) დამამშვიდებელ წრეში ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელ რასულ შაპიევთან წააგო (1:10).