ვილიარეალის ფრე მალიორკასთან - მიქაუტაძემ 70-ე წუთიდან ითამაშა
ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „მალიორკას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 1:1 იყო. მიქაუტაძეს გოლის გატანის შანსი არ ჰქონია და მატჩი ასეთი სტატისტიკით დაასრულა - ბურთთან 9 შეხება, 6-დან 5 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 0 დარტყმა, ბურთის ერთხელ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება - 6.9 ქულა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 31-ე წუთზე „ვილიარეალმა“ პერესის ზუსტადშესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი მურიქიმ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 30-ე შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ასევე, ქართველ შემტევს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი აქვს და ასევე, კოპა დელ რეიზეც შეძლო ერთი გოლით თავის გამოჩენა.
35 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 69 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 მაისს, საკუთარ მოედანზე „სევილიას“ წინააღმდეგ გამართავს.