კვალიფიკაცია დაძლია - ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე ითამაშებს
საჩოგბურთო სამყაროში მადრიდის მასტერსის ჯერი დადგა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.
ქართველი ჩოგბურთელი მადრიდის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში ATP რეიტინგის 90-ე ნომერს, პატრიკ კიპსონს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 6:7 7:6 6:4 დაამარცხა და ძირითად ბადეში გავიდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდნენ და ყველაფერმა ბრეიკის გარეშე ჩაიარა. მატჩმა ტაი-ბრეიკში გადაინაცვლა, სადაც უკეთესი ამერიკელი აღმოჩნდა, რომელმაც 7:2 გაიმარჯვა.
მეორე სეტიც იდენტური სცენარით წარიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად კვლავ ტაი-ბრეიკი გახდა საჭირო, სადაც ამჯერად უკეთესი ბასილაშვილი იყო, 7:3 გაიმარჯვა და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.
დისაიდერშიც ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:4 იყო, ნიკოლოზმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ზუსტად ჩააწოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 მოიგო და როგორც უკვე მოგახსენეთ, მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში გავიდა.