მზიანი დუბლი სეტის წაუგებლად | იანიკ სინერის დომინაცია და მიღწევები
იანიკ სინერი მაიამის მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჩოგბურთელი ირჟი ლეჰეჩკას დაუპირისპირდა და მეტოქეს ორ სეტში მოუგო. სინერმა ორივე პარტიაში ერთნაირი ანგარიში დააფიქსირა და 6:4, 6:4 იმარჯვა.
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა „მზიანი დუბლი“ შეასრულა და ერთ სეზონში „ინდიან უელსი“ და მაიამის მასტერსი მოიგო. მის გარდა, იგივე ნოვაკ ჯოკოვიჩს (ოთხჯერ), როჯერ ფედერერს (სამჯერ), ჯიმ კურიეს, მაიკლ ჩანგს, პიტ სამპრასს, მარსელო რიოსსა და ანდრე აგასის (ყველას ერთხელ) გაუკეთებიათ.
სინერი პირველი ჩოგბურთელია, ვინც „მზიანი დუბლი“ სეტის წაუგებლად დაისაკუთრა. იანიკი პირველია, ვინც ამ ფორმატის შემოღების შემდეგ ზედიზედ სამი მასტერსი ისე მოიგო, რომ მეტოქეებისთვის ერთი სეტიც არ დაუთმია. მისი სერია პარიზში დაიწყო, შემდეგ იყო „ინდიან უელსი“ და მაიამის მასტერსი. სინერის გარდა, მაიამის მასტერსი სეტის წაუგებლად მხოლოდ ჯოკოვიჩსა და ივან ლენდლს მოუგიათ.
„ვცდილობდი, რთულ პირობებში სტაბილურობა შემენარჩუნებინა. მატჩი რთული გამოვიდა და მეტოქემ ბევრი პრობლემა შემიქმნა. დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა აქ ვყოფილიყავით და ძალიან კმაყოფილი ვარ. აშშ-ში ორივე ტურნირის მოგება განსაკუთრებული მიღწევაა. აქამდე არ მეგონა, რომ ამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ და კმაყოფილი ვარ“, — აღნიშნა სინერმა.
ცნობისთვის, იტალიელმა ჩოგბურთელმა კარიერაში 26-ე ტიტული დაისაკუთრა. მაიამის მასტერსის მოგებით მან 1.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ლეჰეჩკამ 612 ათასი მიიღო.