მეცმა 10-კაციან ნანტს ვერ მოუგო - წიტაიშვილი სასტარტოში იყო, აბუაშვილი 87-ე წუთზე შეიყვანეს
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე მე-17 ადგილოსან „ნანტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 0:0 ითამაშა.
39-ე წუთიდან, „ნანტი“ 10 კაცით დარჩა. მთავარმა მსაჯმა უხეშობის გამო მოედნიდან ტატი გააძევა, თუმცა „მეცმა“ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო. იმის მიუხედავად, რომ მასპინძლები ტატის გაგდების შემდეგ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ქართველებს, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი მოედანზე 87-ე წუთიდან გამოჩნდა. სამწუხაროდ, გიორგი ქვილითაიას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია და მთავარმა მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
გიორგი წიტაიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 68 შეხება, 47-დან 38 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, 5-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 1 ართმევა, 1 განმუხტვა, ბურთის 5-ჯერ დაბრუნება, 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 7.0.
რაც შეეხება გიორგი აბუაშვილს, ქართველმა შემტევმა მატჩი ასე დაასრულა - ბურთთან 7 შეხება, 4-დან 4 ზუსტი პასი, 1 წარმატებული დრიბლინგი, კარისკენ ერთი დარტყმა, რომელიც დაიბლოკა, 1 ართმევა, 2 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.7 ქულა.
მიმდინარე სეზონში, გიორგი წიტაიშვილმა „მეცის“ შემადგენლობაში ლიგა 1-ის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2-2 გოლი და საგოლე გადაცემაა, გიორგი აბუაშვილმა კი 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
28 ტურის შემდეგ „მეცს“ სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდს სამშვიდობო ზონას 12 ქულა აშორებს, პლეი-ოფის ზონას კი 8 ქულა. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს.