ფლოიდ მეივეზერი, მენი პაკიაო
Aa
Aa

„თუ ფლოიდს ეშინოდა, მაშინ ხელი არ უნდა მოეწერა“ - მეივეზერი vs პაკიაო შეიძლება ჩაიშალოს?

ფლოიდ მეივეზერისა და მენი პაკიაოს ნანატრი რევანში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, შესაძლოა აღარ შედგეს.

ბრძოლის გაუქმების მიზეზი ამერიკელის განცხადება გახდა. გასულ უქმეებზე ლას-ვეგასში ქომაგებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ეს დაპირისპირება არა პროფესიონალურ, არამედ საჩვენებელ (საგამოფენო) სტატუსს ატარებს. ამის საპირისპიროდ, ფილიპინური მხარე ამტკიცებს, რომ კონტრაქტი პროფესიონალურ ბრძოლაზეა გაფორმებული.

„ამ მომენტისთვის ბრძოლა კვლავ ძალაშია. კონტრაქტი არ გაუქმებულა და მას ხელი მოწერილი აქვს პროფესიონალურ ორთაბრძოლაზე. ფლოიდ მეივეზერი ოფიციალურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს. ბოლო სამი თვის განმავლობაში არავის წამოუჭრია საკითხი არც ჩატარების ადგილზე და არც იმაზე, რომ ბრძოლა არ იქნებოდა პროფესიონალური. მის გუნდს ყველა კონტრაქტი ჰქონდა. მან ყველა დოკუმენტს მოაწერა ხელი. ჩვენ გვაქვს დადასტურებები როგორც ელექტრონული ხელმოწერის სერვისიდან, ისე ორიგინალი ხელმოწერები – ყველაფერი დაფიქსირებულია“,

– განაცხადა ESPN-თან ინტერვიუში „Manny Pacquiao Promotions“-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯას მატურმა.

პაკიაოს წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ მეივეზერის განცხადება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მისი უნაკლო რეკორდის (წაუგებელი სერიის) შენარჩუნების სურვილთან.

„თუ მას მენის ეშინია და არ სურს თავისი რეკორდი პროფესიონალურ ბრძოლაში სასწორზე დადოს, საერთოდ არ უნდა მოეწერა ხელი ამ შეთანხმებებისთვის – პირდაპირ თქვას ეს, რადგან მენის არ ეშინია. ჩვენ გვინდოდა ისტორიული მოვლენა შეგვექმნა, ის კი ახლა ცდილობს ბოლო მომენტში შეცვალოს პირობები და გგონია, რომ ეს შერჩება. არა, არ შერჩება. ეს ასე არ მოხდება“,

– დაამატა მატურმა.

გარდა ამისა, მატური ამტკიცებს, რომ ამერიკელმა არა მხოლოდ მოაწერა ხელი კონტრაქტს, არამედ მისთვის ავანსიც უკვე აიღო.

„ფლოიდმა ხელი მოაწერა სამ ცალკეულ შეთანხმებას სხვადასხვა მხარესთან, სხვადასხვა თარიღზე. მან თითოეული მათგანის საფასური მიიღო, ასევე აიღო ავანსი პაკიაოსთან ბრძოლისთვის“,

– შეაჯამა მატურმა.

მიმდინარე წლის თებერვალში სტრიმინგ პლატფორმა Netflix-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მეივეზერი და პაკიაო რევანშს გამართავდნენ 19 სექტემბერს, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ არენაზე დაგეგმილ კრივის საღამოს დააგვირგვინებდა.

მათი პირველი ბრძოლა 2015 წელს შედგა, რომელიც ამერიკელის გამარჯვებითა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა. იმ შეხვედრამ აბსოლუტური ფინანსური რეკორდი დაამყარა – გაიყიდა 4.6 მილიონი ფასიანი ტრანსლაცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები