„გამოწვევა, წნეხი და უდიდესი მოტივაციაა“ - გუჯეჯიანის ინტერვიუ ევროპის ჩემპიონატის შესახებ
16-19 აპრილს, საქართველო ისტორიაში პირველად, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლაშა გუჯეჯიანთან სპეციალური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გუჯეჯიანი თბილისში გასამართ ტურნირსა და საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.
ლაშა გუჯეჯიანი:
„თუ რამდენად კარგად შევძლებთ სიამაყისა და წნეხის დაბალანსებას, ეს შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. საშინაო კედლებში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ერთდროულად გამოწვევაცაა, წნეხიც და უდიდესი მოტივაციაც, თუმცა ჩვენნაირი გუნდისთვის მსგავსი გამოწვევების მიღება რთული არ უნდა იყოს.“
„ტურნირამდე მთავარი მიზანი გუნდის ჯანმრთელობის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველა წამყვან ძიუდოისტს ეასპარეზა.“
„პირადად მე ოდნავ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმის გამო, რომ შინ ვასპარეზობთ. გუნდის შიგნით ეს ნაკლებად იგრძნობა. ნაკრებისთვის მოსამზადებელი პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.“
„იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი გუნდის სპორტსმენებს ტურნირებისგან მაქსიმალურად დასვენების საშუალება მივეცი, და რადგან წელს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ეტაპები იწყება, წლის ბოლოს კი მსოფლიო ჩემპიონატიც გველის, ევროპის ჩემპიონატს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, მაგრამ ჩვენი მთავარი ფოკუსი მაინც ოლიმპიურ საკვალიფიკაციო რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესება და მსოფლიო ჩემპიონატზე სტაბილურად გამოსვლაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერავის გამოვარჩევ, რადგან მათ აქტიურად არ უასპარეზიათ.“
„ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს. ქართველებს უდიდესი ნიჭი, ასევე ძიუდოსთვის ზედგამოჭრილი ხასიათი და გენეტიკა აქვთ. არც წარსულში გაგვჭირვებია, არც ახლა გვიჭირს და არც მომავალში გაგვიჭირდება.“
„საბედნიეროდ, ჩემი სპორტსმენები დიდ წნეხს იშვიათად განიცდიან, თუმცა როცა ეს ხდება, მას კარგად უმკლავდებიან. თუ ვერა, მაშინ ვაანალიზებთ, რა დაგვაკლდა და რამ გამოიწვია მარცხი.“
„შიდა კონკურენციას პატიოსნად, მიკერძოების გარეშე და ობიექტური მიდგომით ვუდგები.“
„ქვეყნები, ვისგანაც ყველაზე დიდ საფრთხეს უნდა ველოდოთ? საქართველო. ჩვენთვის, ამ ჩემპიონატზე წარმატება 7 ოქროს მედლის მოპოვება იქნება.“
„ევროპული ძიუდო ყოველთვის ძლიერი და გამორჩეული იყო. ვფიქრობ, ის აზიურ ძიუდოზე უფრო მრავალფეროვანია. გარდა ამისა, მას უფრო დიდი გეოგრაფიული არეალი აქვს და სხვა კონტინენტებთან შედარებით, გაცილებით მეტი ქვეყანაა ჩართული. სწორედ ეს მატებს მას კონკურენტუნარიანობასა და ძალას.“
„გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მჯერა, შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.“
„რა შეიცვალა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში? ალბათ, ის, რომ უფრო კმაყოფილი გავხდი, ვიდრე „მშიერი“, რაც ცუდია. წლევანდელი ტურნირებიდან გამომდინარე, ახალი მოტივაცია გამიჩნდა. მინდა, ეს მოცემულობა პოზიტიურისკენ შევცვალო იმით, რაც აქამდე არასდროს გაკეთებულა.“
„მინდა, ოლიმპიურ თამაშებზე ერთზე მეტი ოქროს მედალი მოვიპოვოთ — მინიმუმ ორი და მაქსიმუმ შვიდი. გარდა ამისა, მსურს, რომ შერეულ გუნდურ შეჯიბრშიც ოლიმპიური ჩემპიონები გავხდეთ, ზუსტად ისე, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ.“
„რას ვეტყოდი ჩემს სპორტსმენებს? მიყვარხართ, მჯერა თქვენი და ეჭვიც არ მეპარება, რომ გამარჯვება შეგიძლიათ.“
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი 16-19 აპრილს, თბილისი არენაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
- -60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
- -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
- -73 კგ: მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
- -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
- -90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
- -100 კგ: ილია სულამანიძე
- +100 კგ: გურამ თუშიშვილი.
ქალები:
- -48 კგ: თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია
- -52 კგ: ნინო თათრიშვილი
- -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
- -63 კგ: ნინო წიკლაური
- -70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
- +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.