მეტოქეები ცნობილია - შესარჩევი ნოემბერში დაიწყება
ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია. ქართველი ხელბურთელები მეორე ჯგუფში ნორვეგიის, ავსტრიისა და თურქეთის ნაკრებთან ითამაშებენ. 32 გუნდი კენჭისყრის შედეგად რვა ჯგუფში გადანაწილდა. კონტინენტის პირველობის საგზურს თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო და პლუს ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.
ჯგუფის უდავო ფავორიტად ნორვეგია მოიაზრება, რომელიც მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2017 და 2019 წლებში) და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია (2020). რაც შეეხება ავსტრიელებს, მათ კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო შედეგი 2020 წელს დააფიქსირეს, როდესაც მერვე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება თურქეთის ეროვნულ გუნდს, ჩვენი მეზობლები საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიტრაბახებენ.
ცნობისათვის, შესარჩევი ეტაპი 2026 წლის ნოემბერში დაიწყება და 2027 წლის მაისში დასრულდება. თამაშებისთვის საქართველოს ხელბურთის ნაკრებს ახალი, უცხოელი სპეციალისტი მოამზადებს, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.