„ფულს ვიხდი, რომ ინგლისური ისწავლონ, მაგრამ...“ | ისლამმა ხაბიბი გააბრაზა
UFC 330-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და იან მაჩადო გარის დაპირისპირებაა. ღონისძიების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მახაჩევს აბდულმანაპ ნურმაგომედოვის შესახებ ჰკითხეს. აბდულმანაპი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამაა, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა. მახაჩევს სწორედ ის წვრთნიდა და „არწივს“ რამდენჯერმე უთქვამს, რომ მამამისის საყვარელი მოსწავლე სწორედ ისლამი გახლდათ.
— „ისლამ, შენი ბოლო გამარჯვების შემდეგ დენა უაითი გამოვიდა და თქვა, რომ ყველაფერი, რაც აბდულმანაპმა შენზე და ხაბიბზე ივარაუდა, რეალობად იქცა. მაინტერესებს, დღეს აქ რომ იყოს, შენს კარიერულ სვლაზე რას იფიქრებდა და მისი აზრით, რა იქნებოდა საჭირო, რომ GOAT-ი გახდე?“
მახაჩევმა პასუხის გაცემა დაიწყო, რა დროსაც გარიმ რამდენჯერმე ჩაეჭრა. ირლანდიელი აბდულმანაპზე დადებითად საუბრობდა და ამბობდა, რომ ის ისლამითა და მისი მიღწევებით იამაყებდა, თუმცა მახაჩევისგან პასუხად მიიღო: „მოკეტე! ყოველ წამს ფანებს კარგავ, გაჩუმდი“.
პრესკონფერენციის შემდეგ ისლამს სწორედ აღნიშნულ ეპიზოდზე ჰკითხეს და მან განაცხადა: „სიმართლე გითხრათ, არაფერი მესმოდა და ვერ გავიგე, რას ამბობდა“. ამ დროს ხაბიბი ჩაერთო: „გეუბნებით, ძმაო, ერთი წელია ინგლისურის მასწავლებელს ფულს ვუხდი, რომ ამ ბიჭებმა ენა ისწავლონ, მაგრამ არაფერი გამოდის. იან გარი დადებითად ლაპარაკობდა და ისლამმა უთხრა, მოკეტეო. ძმაო, პატივისცემა გამოიჩინე. ზოგჯერ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ როდესაც ის პატივისცემას იჩენს, მინიმუმ ჩუმად მაინც იყავი და არ თქვა, მოკეტეო“.
„ისიც არ არის კარგი, როდესაც ვიღაც ლაპარაკობს და ეჭრები. დამამთავრებინე და შემდეგ ისაუბრე. ხალხი ისე ხმაურობდა, არაფერი მესმოდა“, — განმარტა მახაჩევმა.
ცნობისთვის, მახაჩევისა და მაჩადო გარის მთავარი ქარდი 05:00 საათიდან დაიწყება, ხოლო უშუალოდ მათ ჩხუბს, სავარაუდოდ, 07:00 საათიდან უნდა ველოდოთ.