გიგაურის ბრინჯაო - პირველი დღე ერთი მედლით დავასრულეთ
საქართველოს დედაქალაქში დღეს სტარტი აიღო ძიუდოში თბილისის გრანდ სლემმა, რომელიც კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრების პირველ დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ტატამიზე 14 ძიუდოისტი გავიდა და მედლის მოპოვება მხოლოდ ერთმა მათგანმა, თორნიკე გიგაურმა შეძლო. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს შორის 19 წლის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა IJF-ის მსოფლიო ტურში პირველივე გამოსვლა წარმატებით დაასრულა.
გიგაურმა, რომელიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ერთმანეთის მიყოლებით უზბეკი აბდურახიმ ნუტფულოევი, ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი და რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა. ნახევარფინალში თორნიკემ აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან წააგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კვიპროსელი პეტროს ხრისტოდულიდესი ლამაზი იპონით დაამარცხა.
ბრინჯაოს პრიზიორობის შანსი ჰქონდა ნინო ლოლაძესაც (57 კგ), თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრა ფინელ პიჰლა სალონენთან დათმო. ცნობისათვის, დღეს თბილისის გრანდ სლემზე ასევე იასპარეზეს ლუკა გადელიამ (60 კგ), გიორგი ჩანქსელიანმა (60 კგ), მათე გოგობერიშვილმა (60 კგ), გიორგი არაბიძემ (60 კგ), თემურ ნოზაძემ (66 კგ), ლაშა ნადირაძემ (66 კგ), თორნიკე მაზიაშვილმა (66 კგ), თამარ გიგოლაევმა (48 კგ), მარიამ ზაქარაიამ (48 კგ), ნინო თათრიშვილმა (52 კგ), ელენე გვაზავამ (52 კგ) და სოფიო ბედოშვილმა (57 კგ), თუმცა ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა.