მათთან გაიმარჯვა, ვინც რეგრესირებდა | ევლოევის აზრით, ილია მახაჩევთან უშანსოდაა
მოვსარ ევლოევმა იავუზ ფაითჰანთერზთან ინტერვიუში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას სიტყვა-სიტყვით შემდეგი თქვა: „არავითარი შანსი არ არსებობს, რომ ილია თოფურიამ ეს ბრძოლა მოიგოს''.
როდესაც იავუზმა დააზუსტა, იყო თუ არა ამაში დარწმუნებული, ევლოევმა უპასუხა: „უფრო მეტიც, ვიდრე უბრალოდ დარწმუნებული. მახაჩევი სულ სხვაა თავის მეტოქეებთან შედარებით. ის ყოველდღიურად უფრო ძლიერდება, განსხვავებით იმ ხალხისგან, ვისაც ილია ბოლო რამდენიმე ბრძოლაში დაუპირისპირდა, ისინი ქვემოთ მიდიოდნენ (გულისხმობს, რომ ილიას მეტოქეებს რეგრესი ჰქონდათ)''.
ევლოევმა დაასახელა თავისი ფავორიტი ხუთი მებრძოლი: 1. ხაბიბ ნურმაგომედოვი, 2. ისლამ მახაჩევი, 3. ჯონ ჯონსი 4. ანდერსონ სილვა 5. ჟორჟ სენ-პიერი
14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).