„ძალიან მაღიზიანებენ, რით ვერ გაიგეს“ - როდიკმა ჯოკოვიჩი დაიცვა
წარსულში ცნობილ ამერიკელ ჩოგბურთელს ენდი როდიკს საკუთარი პოდკასტი აქვს და ჩოგბურთში მიმდინარე ყველა აქტუალურ თემაზე ყოველკვირეულად საუბრობს. მისი ანალიზის მოსმენა უზომოდ საინტერესოა, ამჯერად კი ენდი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაკავშირებულ სიტუაციას შეეხო, რომელმაც მაიამის მასტერსზე ასპარეზობისგან თავი შეიკავა და ამის გამო ბევრმა გააკრიტიკა, სერბი ჩოგბურთელის დაცვა კი საკუთარ თავზე სწორედ როდიკმა აიღო.
ენდი როდიკი
ეს ყველაფერი უკვე ძალიან მაღიზიანებს. ჯოკოვიჩმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და სასწაული იქნებოდა, ფლორიდაში რომ ეთამაშა. ზოგადად, ქრონოლოგიურად მასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე ხდება - როდესაც ნოვაკი ამბობს: „მე რეიტინგის ლიდერობისთვის აღარ ვიბრძვი, ჩოგბურთში მხოლოდ დიდი სლემის ტურნირების მოსაგებად ვრჩები. მსურს ოჯახს მეტი დრო დავუთმო და ვუყურო, როგორ იზრდებიან ჩემი შვილები“. ამაზე ყველა პასუხობს: „ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს“.
როდესაც მასტერსების დრო დგება და სერბი შეჯიბრებიდან ეხსნება, მისი კრიტიკა მაშინვე იწყება. არ მოგბეზრდათ ხალხნო, ეს ყველაფერი უკვე ძალიან მაღიზიანებს. რით ვერ გაიგეთ, რომ ნოვაკს აღარ სჭირდება მაიამისა და მონტე-კარლოს მასტერსებს შორის ორკვირიანი საწვრთნელი შეკრებები და ურჩევნია ეს დრო საკუთარ ოჯახთან გაატაროს.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერის მანძილზე ჩატარებული 1405 მატჩიდან 1170 აქვს მოგებული და 235 წაგებული. საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 101 ტიტულია.