ანთიმოზ ივერიელის თასი მეოცედ მოვიპოვეთ | ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი 53:30 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ფინალში გასვლის გარდა, ანთიმოზ ივერიელის თასი კიდევ ერთხელ, მეოცედ მოვიპოვეთ.
მე-3 წუთზე ალინ კონაკემ ზუსტი ჯარიმით სტუმრები დააწინაურა. მე-15 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმიდან გაათანაბრა, თუმცა მე-19 წუთში კონაკემ კვლავ ზუსტად დაარტყა, რუმინეთი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში ბორჯღალოსნების აქტივში 2 ლელოა. პირველი ლელო ოთარ მეტრეველმა დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ტაბუცაძის ლელოთი ანგარიში 15:6 გახდა. ტაიმის მიწურულს კონაკემ ანგარიშში მესამე ჯარიმა ასახა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ ბექა საღინაძის, შემდეგ კი თორნიკე ჯალაღონიას ლელოთი უპირატესობა გავზარდეთ. ჯალაღონიას ლელოს შემდეგ აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმიდან ასევე აღსანიშნავია დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევა, ლობჟანიძესთან კარგი გათამაშება და მატკავას ლელო. ლამაზი შეტევა გამოვიდა.
მატჩის მიწურულს დებიუტანტმა მიხეილ შიოშვილმა ლელო დადო, მესამეხაზელმა შესანიშნავად იმოქმედა.
ფინალში პორტუგალია-ესპანეთის გამარჯვებულს შევხვდებით. აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ფინალს მადრიდი 15 მარტს უმასპინძლებს.
ფინალში გამარჯვების შემთხვევაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს მეთვრამეტედ მოვიპოვებთ.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი