ლეგენდა დაბრუნებას აპირებს - სერენას მაიამიში ელოდებიან
თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სერენა უილიამსი ჩოგბურთს უბრუნდება. 44 წლის ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა 22 თებერვალს ექვსთვიანი დოპინგ-შემოწმება დაასრულა, რის შემდეგაც ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ ის რეიტინგში დააბრუნა და სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა.
ვარაუდობენ, რომ უილიამსი კორტზე მარტის შუა რიცხვებში მაიამის 1000-იან ტურნირზე გამოჩნდება. პროფესიულ დონეზე სერენამ უკანასკნელად 2022 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც გამოსვლა მესამე წრეში დაასრულა. ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირი 23-ჯერ აქვს მოგებული.
ცნობისათვის, სერენა უილიამსს ყველაზე მეტჯერ, შვიდ-შვიდჯერ ავსტრალიის ღია პირველობასა (2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015, 2017) და უიმბლდონზე (2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015, 2016) აქვს პირველი ადგილი დაკავებული, ხოლო როლან გაროსზე სამჯერ (2002, 2013, 2015), ამერიკის ღია პირველობაზე კი ექვსჯერ (1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014) გაიმარჯვა.