ველოსიპედს ნუ გამოიგონებთ, დაჯექით მასზე და იარეთ | ხაბიბის რჩევა მებრძოლებს
ხაბიბ ნურმაგომედოვი მებრძოლებს საკუთარ შეხედულებას უაზიარებს. მისი აზრით, მათ არ მოეთხოვებათ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოემზადონ ან რა აკეთონ. მწვრთნელებს ყველაფერი უკვე გათვლილი აქვთ და მებრძოლის ერთადერთი მოვალეობაა, უპირობოდ მიჰყვეს გამზადებულ ინსტრუქციას. ხაბიბის სიტყვებს Red Corner MMA ავრცელებს.
„ან იქნებ გგონიათ, რომ მე არ ვიცი, რომ თქვენს ბრძოლებამდე მხოლოდ ცხრა დღე დარჩა? სად არის რენატი? გგონია, არ ვიცი, რა უნდა გააკეთო? მე ვიცი. ის ფაქტი, რომ აქ 40 წუთის განმავლობაში ჭიდაობ... და შენი შესაძლებლობების 60-70 პროცენტს დებ... შენ შეიძლება გგონია, რომ ეს ზედმეტი დატვირთვაა? არა, არ არის. ეს არის უბრალოდ სამუშაოს ის მოცულობა, რომელიც უნდა შეასრულო ბრძოლამდე ცხრა დღით ადრე. ბრძოლამდე ცხრა დღით ადრე არაფერი მთავრდება.
შეიძლება ჩვენ ვწყვეტთ მძიმე სპარინგებს, რათა დაგიცვათ ტრავმებისგან, რადგან ჩვენ ძალიან მძიმედ ვმუშაობთ და ვიცი, რომ ამან შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს. მაგრამ აი, რაზე უნდა ვიმუშაოთ... ბადესთან ჭიდაობა, გრეპლინგი, თავისუფალი ჭიდაობა, პოზიციური ვარჯიშები, აზიდვები, პრესი, ტურნიკი, ორძელი... ეს ყველაფერი ბრძოლამდე ცხრა დღით ადრე არ მთავრდება.
თქვენით ნუ გამოიგონებთ საკუთარ გეგმას. გეგმა უკვე დიდი ხანია შედგენილია. საჭირო არ არის ველოსიპედის გამოგონება. დაჯექით მასზე და იარეთ.“
ხაბიბი რენატ ხავალოვს ახსენებს, რომელიც ნიჭიერ მებრძოლად ითვლება, ხაბიბის გუნდის წევრია და რომელიც Eagle FC-ის ჩემპიონიც იყო. ხაბიბი მას ხშირად ავარჯიშებს და პირადად აკონტროლებს მის მომზადების პროცესს.
37 წლის ხაბიბმა პროფესიული კარიერა 2020 წელს დაასრულა, კარიერაში 29-დან 29 ბრძოლა მოიგო. 2008-10 და 2012-20 წლებში მსუბუქ წონაში გამოდიოდა, 2009-11 წლებში - ქვესაშუალო წონაში.