3 საუკეთესო ლიდერი მისი კარიერიდან - ზაზა ფაჩულიას არჩევანი
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ დაასახელა ლიდერის თვისებების მქონე 3 საუკეთესო კალათბურთელი, ვისთან ერთადაც მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უთამაშია.
გასაკვირი არაა, რომ პირველი ამ სიაში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელი სტეფ კარია.
„ძალიან გამიმართლა, რომ მქონდა იმის ნახვის საშუალება, თუ როგორ ვარჯიშობს კარი. მატჩების წინ, ვარჯიშების შემდეგ... გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას სხვებთან. აბსოლუტურად ყველას კლუბში ის თანაბრად ეპყრობოდა. ეს არაერთხელ მინახავს. სტეფი კლუბის რომელიმე თანამშრომელთან მივიდოდა და ჰკითხავდა - „როგორ ხარ?“. ეს თითქოს უბრალოდ კითხვაა, მაგრამ ჩემთვის ეს ლიდერის თვისებების გამოვლინებაა. ეს არის ლიდერი, რომელთან და რომლისთვისაც გინდა, უფრო მეტი იშრომო.
ერთხელ „უორიორსის“ აკადემიის ხელმძღვანელს, ჯეფ ადიეგოს ვესაუბრებოდი, როცა სტეფი მოვიდა და ჰკითხა მას, როგორ მიდის საქმეები. ამის შემდეგ სტეფმა იკითხა, როგორ მიდის ჯეფის ქალიშვილის ვარჯიშები - მან იცოდა, რომ ჯეფის ქალიშვილი კალათბურთს თამაშობს. ჯეფმა უპასუხა და მათი საუბარი მხოლოდ 2-3 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც კარი ვარჯიშს დაუბრუნდა, ჯეფმა კი მითხრა - „ზაზა, აი ამიტომ მსიამოვნებს აქ ყოველდღე მოსვლა“. გუნდის ლიდერის მხრიდან ასეთი ზრუნვა მოტივაციას გიმაღლებს.
კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც ზაზა ფაჩულიამ გამოარჩია, „დალას მავერიქსის“ გერმანელი ლეგენდა დირკ ნოვიცკია.
„ერთ-ერთი თვისება, რის გამოც დირკი ასეთი განსაკუთრებულია, მისი იუმორის გრძნობაა. გარდა ამისა, მან კარგად იცოდა, როდის იყო საუკეთესო დრო ხუმრობისთვის. მასთან ერთად გასახდელში ყოფნა ძალიან სახალისო იყო. ის ბევრს ხუმრობს, მაგრამ საკუთარი მისამართით ხუმრობაზეც კარგად რეაგირებს. დირკი თანაგუნდელებთან საუბრებს დიდ დროს უთმობდა.
ნოვიცკის გვერდით ყოველი დღე სახალისო იყო, მაგრამ როცა მატჩისთვის ვემზადებოდით, ის იცვლებოდა. მახსოვს, „მედისონ სქვერ გარდენსში“ „ნიქსს“ და კრისტაპს პორზინგისს ვეთამაშებოდით. გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს მოთამაშეების შედარება უყვართ და ყველა პორზინგისს ნოვიცკის ადარებდა. ამ დროს ნოვიცკი უკვე ასაკში იყო, მაგრამ მატჩმა იმხელა ყურადღება მიიპყრო, რომ დირკს უნდოდა, თავისი უნარები კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ყველათვის. ჩემთვის, ეს ნამდვილი ლიდერობაა. ასე უნდა უპასუხო იმ ხმაურს, რომელიც გარედან შემოდის“.
მესამე ლიდერი, რომელზეც ფაჩულია ყურადღებას ამახვილებს, ჯეისონ კიდია, რომელიც ზაზას „მილუოკი ბაქსში“ წვრთნიდა.
„ჯეისონ კიდმა ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მასთან ერთად „ბაქსში“ საუკეთესო სეზონი მქონდა. მჯერა, რომ „უორიორსი“ ჩემით სწორედ ამიტომ დაინტერესდა. კიდთან ერთად ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია. ის ვარჯიშებს განსაკუთრებულად ატარებდა და ეხმარებოდა ყველა მოთამაშეს, გამოიჩინონ ინიციატივა და არ დაელოდონ მოვლენების განვითარებას შემდგომი რეაგირებისთვის.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამაა, რაც მისგან ვისწავლე. გაუსწარი დროს და წაიკითხე თამაში. გამოიცანი, რა მოხდება მომავალში. ეს ყველა მწვრთნელს არ შეუძლია. თითოეული სპეციალისტი გარკვეულ ასპექტებში ძალიან ძლიერია, მაგრამ კიდმა გვასწავლა, როგორ დავინახოთ რაღაც, ვიდრე ეს რეალურად მოხდებოდა“.
ცნობისთვის, ფაჩულიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებული 16 წლის განმავლობაში 6 გუნდი გამოიცვალა, ხოლო „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ორჯერ NBA-ის ჩემპიონი გახდა.