სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის, 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, 22 და 27 თებერვალს, მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკასთან საქართველოში ორ ტესტ-მატჩს გამართავს.
22 თებერვალს, ახალგაზრდა ბორჯღალოსნები „ჯუნიორ ბოკეს“ რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაუხვდებიან, ხოლო 27-ში მეტოქეს თბილისში, „ლელო არენაზე“ მიიღებენ. ორივე თამაში 15 საათზე დაიწყება. ეს იქნება ვეტერანი ბორჯღალოსნის, ვიტო კოლელიშვილის სადებიუტო თამაშები საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
„მიხარია, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ნდობა გამომიცხადა და 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩამაბარა. მაქვს მიზნები და სურვილი, რომ საკუთარი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდა მოთამაშეებს, რათა მათთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად შევძლო წარმატებების მიღწევა. ამისათვის არც თავს და არც სხვებს დავზოგავ. ახლა გუნდთან ერთად გვაქვს ერთი, კონკრეტული მიზანი - 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს, რაც აქამდე საქართველოს უჩვენებია და სწორედ ამისკენ სვლის ნაწილია სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ორი ტესტ-მატჩი. ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი პატივია, როდესაც მას მსოფლიოს მოქმედი ჩემპონი სტუმრობს და ბედნიერი ვარ ეს საქართველოში რომ ხდება. პირადად ჩემთვის დიდი გამოწვევაა ის, რომ 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, დებიუტი სწორედ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მექნება და ამისათვის სათანადოდ ვემზადებით, როგორც მწვრთნელები სრული შემადგენლობით, ასევე მოთამაშეები. ხაზგასმით მინდა ავღნშნო, რომ ამ პროცესში ჩვენ ვართ ერთიანი და ყველა წარმატება, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ, იქნება ჩვენი გუნდის ერთიანი გარჯის შედეგი“ - განაცხადა ვიტო კოლელიშვილმა.
20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა, კოლელიშვილის ხელმძღვანელობით, მომავალი ტესტ-მატჩებისთვის 39-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია. მათგან 26 2006 წელს დაბადებული მოთამაშეა, 12 2007-წლიანია და შესაბამისად, 20-წლამდელთა ნაკრების ღირსების დაცვა გაისადაც შეეძლება, ერთი კი 2008 წელს დაბადებული მოთამაშეა (ლუკა შულაია).
მიუხედავად იმისა, რომ კოლელიშვილი მოვალეობის შესრყულებას ოფიციალურად იანვრიდან შეუდგა, ის მთელი ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სელექციის პროცესში:
„სექტემბრიდან საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული, რათა სასელექციო პროცესი არ ჩავარდნილიყო და დრო არ დაგვეკარგა. პირველ ეტაპზე გვქონდა ვარჯიშები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, რომელიც ასევე მოიცავდა სამხრეთ აფრიკულ გუნდ ‘კუდუსთან’ თამაშებს. ამ პერიოდში ვეცადეთ, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გვენახა და აქცენტი ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებზე კეთდებოდა. ეს ეტაპი დეკემბრის ბოლოს დასრულდა. 25-28 დეკემბერს, უკვე საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად, გვქონდა დასკვნითი შეკრება, სადაც შეირჩა 50 კანდიდატი, რომელთაც წარედგინა ჩვენი ხედვები და მოსამზადებელი პროგრამა. იანვრიდან დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებში შერჩეული 50 მოთამაშე აგრძელებს მზადებას ინდივიდუალური პროგრამით, რასაც ემატება განვითარების ვარჯიშები ადგილობრივი მოთამაშეებისთვის კვირაში ორჯერ. სწორედ ამ მეორე სასელექციო ეტაპის ნაწილია სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ორი შეხვედრა. ამის შემდეგ მოთამაშეთა დიდი ნაწილი ძლიერ მეტოქესთან, საქმეში გვეყლება ნანახი და დავიწყებთ მზადებას უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომლის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ექნება დაგეგმილ ტურნირსა და თამაშებს“ - ამბობს კოლელიშვილი და უშუალოდ მომავალ თამაშებთან დაკავშირებით განმარტავს:
„გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს მოთამაშეები, რომელთაც აქამდე საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება არ აქვთ და ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. გუნდში ხვდება ის, ვინც მოცემული მომენტისთვს საუკეთესო ფორმაშია და არ აქვს მნიშვნელობა გავლილი აქვს თუ არა მას ახალგაზრდული ნაკრების ეტაპები. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, სათამაშო კვირაში გავიაროთ კარგი მომზადება და სწორად და ნაყოფიერად გადავიტანოთ მოედანზე ის, რასაც ვარჯშებზე გავივლით. მოთამაშეებმა მსოფლიოს ჩემპიონთან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ და თუ მონახაზს ზუსტად შევასრულებთ, დარწმუნებული ვარ სამხრეთ აფრკას ჩვენთან იოლი თამაშები არ ექნება“.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან გასამართ სერიაში
შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი), აჩი ნოზაძე (აჟენი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), ანრი შველიძე (ბრივი), დავით არჩვაძე (ლელო), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), ნიკა კოროხაშვილი (ოიონა), ლუკა გოგილაშვილი (ხვამლი), დავით ხურციძე (ლელო); ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), თორნიკე ტორაძე (აია), საბა მღვდელაძე (კარკასონი), გიორგი მეფარიშვილი (აია), ანდრია ბილანიშვილი (ლელო); ლუკა გაბუნია (ყაზბეგი), ზაზა ლეჟავა (ფოთი), ლუკა საღინაძე (ლიონი), გიორგი ფირცხალაიშვილი (ლელო), ლუკა ნარსია (აია), ლუკა შულაია (ლელო), გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი);
ხაზი: გოგა უშვერიძე (აია), დაჩი წიკლაური (ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია), გიგი სირბილაძე (ოიონა), ლუკა დემურაშვილი (ლოკომოტივი); დავით ბარბაქაძე (ლიონი), დავით არავიაშვილი (ვეფხვები), გიორგი მუშკუდიანი (აია), ცოტნე ცუცქირიძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო); ლუკა ტაბატაძე (არმია), გივი სოსელია (ხვამლი), საბა ნატროშვილი (არმია), საბა შარვაშიძე (არმია), ნიკა ხალვაში (ლელო), დათა არობელიძე (არმია), გიგა ყიფშიძე (ხვამლი).