9 ლელო ნიდერლანდებთან - ბორჯღალოსნებმა ბონუსით მოიგეს
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ ტურთან შედარებით, გაცილებით ხარისხიანი, უშეცდომო და ეფექტური თამაში აჩვენა. შედეგად, მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა სტუმრად ნიდერლანდებთან შეხვედრაში 9 ლელო დადეს და მეტოქე 49-ქულიანი სხვაობით, 61:12 დაამარცხეს.
ჩვენი ქვეყნის ნაკრების მიერ დაგროვებული 61 ქულიდან 26 ლუკა მატკავას ანგარიშზეა, რომელმაც ორი ლელო დადო და ცხრიდან რვა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დებიუტანტმა მამუკა მსტოიანმა მეტოქის ჩათვლის მოედანი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში აიღო, ხოლო ბაჩუკი ჭუმბაძემ და ოთარ მეტრეველმა მეორე სანაკრებო ლელოები დადეს. მატკავას გარდა დუბლი გელა აფრასიძემაც შეასრულა, კიდევ ორი ლელო კი ლუკა ივანიშვილისა და გიორგი შველიძის ანგარიშზეა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ქართველი მორაგბეები ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებენ და მეტოქის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიკავებენ, რაც ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის საშუალებას მისცემთ. თამაში 21 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.