ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კრიტიკოსები დაადუმა“ | ესპანური გამოცემის სტატია კვარაცხელიაზე

ესპანური გამოცემის, Fichajes-ის ჟურნალისტმა პაბლო დე ლა ფუენტემ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. ავტორი „კვარას“ გავლილ გზაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი კრიტიკოსებს სისტემატურად აჩუმებს.

ხვიჩა კვარაცხელია მასზე გაცემულ მოლოდინებს ანადგურებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპა მოხიბლა იმ სეზონში, როდესაც „ნაპოლიმ“ სკუდეტო 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო. მიუხედავად ამისა, როდესაც „პარი სენ-ჟერმენმა“ მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადა, ყველა გულშემატკივარი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს კარგი იდეა გახლდათ, თუმცა კვარამ მათ დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აღმასვლის მთავარი გმირია. აბსოლუტურად უცნობი ფეხბურთელი, რომელიც მანამდე რუსულ და ქართულ ჩემპიონატებში თამაშობდა, ერთ ღამეში იტალიის სერია A-ს MVP გახდა. ხვიჩას დიდება მაშინ ეწვია, როდესაც არავინ იცნობდა, ახლა კი გლობალური დონის სუპერვარსკვლავის სტატუსი აქვს.

„ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონში მან ვიქტორ ოსიმენთან ჩამოაყალიბა დუეტი, რომელიც მეტოქეებს მარტივად ანადგურებდა და სკუდეტო პრაქტიკულად გათამაშების პირველ ნახევარში გაინაღდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტის სისტემა გუნდურობაზე იყო დაფუძნებული და მთავარი ვარსკვლავი სწორედ გუნდი გახლდათ, აუცილებელია აღვნიშნოთ კვარასა და ოსიმენის ინდივიდუალური ბრწყინვალება. მათ „ნაპოლი“ უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს.

ანტონიო კონტეს მოსვლამ კვარაცხელიას წასვლა განაპირობა. იტალიელ სპეციალისტს უკან დახევა არ სჩვევია და როდესაც ხვიჩას აგენტმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები წამოაყენა, მას და მის კლიენტს გასასვლელისკენ მიუთითეს. „პარი სენ-ჟერმენი“ მის გარშემო შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდებოდა და იანვარში 70 მილიონი ევრო გადაიხადა.

ტრანსფერიდან რამდენიმე თვეში კვარაცხელიამ კრიტიკოსები ისევ დაადუმა. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დემბელესა და ვიტინიას გვერდით „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ფინალში მისი გოლი ალუბალი იყო ტორტზე. ეს იყო იდეალური სეზონი, რომელსაც მხოლოდ „ჩელსისთან“ მარცხი აუფერულებს,“ - ნათქვამია სტატიაში.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ლიგა 1-ში 18 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩამ 3 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლომაია: „ალისონი წავა და მამარდა პირველი ნომერი გახდება“
ლომაია: „ალისონი წავა და მამარდა პირველი ნომერი გახდება“