„ალისონი მუშაობს, რათა გუნდს დაუბრუნდეს“ | არნე სლოტის პრესკონფერენცია
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „წითლების“ დამრიგებელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ წაგებულ შეხვედრასა და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
„პარი სენ-ჟერმენთან გამართული მატჩიდან თუ რაიმე პოზიტიური შეგვიძლია გამოვყოთ, ის არის, რომ მოქმედ ჩემპიონთან დავინახეთ, რომ იმ დონეზე არ ვიყავით, რომელზეც გვინდა, რომ ვიყოთ. კარგი ისაა, რომ 4-5 დღეში კიდევ ერთი შანსი გვექნება, რათა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ვიდრე 2 დღის წინ. ამავდროულად, თუ პროგრესი გვინდა, მომდევნო სეზონშიც ამ დონეზე უნდა ვითამაშოთ, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.
ვფიქრობ, თუ მსგავსი გამოცდილება მიიღე, გინდა, მომავალ სეზონშიც ამ ტურნირზე იყო, რათა აჩვენო, რომ უკეთესად შეგიძლია თამაში. ამ შანსს პარი სენ-ჟერმენთან გასამართ მომდევნო შეხვედრაში მივიღებთ, თუმცა გვინდა, ეს შანსი მომდევნო სეზონშიც გვქონდეს. ამიტომ პრემიერ ლიგაშიც კარგად უნდა ვითამაშოთ.
საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიმყოფებით, თუმცა პარი სენ-ჟერმენმა შანსი დაგვიტოვა და ნახევარფინალში გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია. პრემიერ ლიგაში შვიდი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და იმედია, ჩემპიონთა ლიგაზეც უფრო მეტ მატჩს ჩავატარებთ.
რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, ახალი არაფერია. ალისონი აქტიურად მუშაობს, რათა გუნდს დაუბრუნდეს, რაც ძალიან კარგია, თუმცა ამ უქმეებზე შემადგენლობაში არ იქნება.
ცნობისთვის, 31 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 49 ქულა აქვს და პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზეა. „წითლები“ მომდევნო შეხვედრას „ფულემის“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც 44 ქულით მე-9 ადგილზეა. მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.