სრულყოფილი გარემარბი | Sofascore-ის სტატისტიკა და სტატია კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრმა გამოცემამ დაწერა. „კვარას“ თამაშს Sofascore-იც გამოეხმაურა და თავის სტილში, სტატისტიკით გამყარებული ანალიზი შემოგვთავაზა.
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ის სრულყოფილი გარემარბია
„ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ სეზონს ატარებს. Sofascore-ის მიხედვით, მისი საშუალო რეიტინგი 7.68 გახლავთ და ამ მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დასტურია იმისა, რომ ქართველ გარემარბს უმნიშვნელოვანეს მომენტებში მეტოქეებისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება შეუძლია.“
მატჩებში გარდატეხის შემტანი გამოსვლა
„კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილზეა. მას საშუალოდ ყოველ 99 წუთში გააქვს გოლი. ეს მაღალი ეფექტიანობა პარი სენ-ჟერმენის შეტევას ძალიან ეხმარება. ამასთან, აქტიურობითაც გამოირჩევა: საშუალოდ 3.25 დარტყმა თამაშში, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-11 შედეგია.“
შემქმნელიც და დამაგვირგვინებელიც
„საუბარი მხოლოდ გოლებს არ ეხება. 4 საგოლე გადაცემით კვარაცხელია საუკეთესო მეპასეების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, რაც ხაზს უსვამს, რამდენად ხშირად ქმნის თანაგუნდელებისთვის მომენტებს მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეჭრის შემდეგ. ხვიჩას 1 პენალტი აქვს მოპოვებული და ამ შედეგითაც მეოთხეა, რაც დასტურია იმისა, რომ თავისი მოძრაობებით მცველებს შეცდომებს აშვებინებს.“

როგორ მიდის მიზნამდე
„კვარაცხელიას დრიბლინგები უფრო გააზრებული და გამოზომილია, ვიდრე სანახაობრივი. ის ყოველ მატჩში საშუალოდ 1.58 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე 29-ე შედეგია — ეს მიუთითებს, რომ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებსა და სწრაფ კომბინაციებს მუდმივად მეტოქეზე წასვლაზე წინ აყენებს. ორივე ფეხით კარგად თამაშის უნარი მას ეხმარება, როგორც პასები, ისე დარტყმები კარგად შენიღბოს და მოწინააღმდეგეს დაუმალოს.“
მოძრაობა და როლი
„მოძრაობის რუკაზე ვხედავთ ფერებს მარცხენა ფლანგსა და მარცხენა ნახევარზონაში. ასევე რეგულარულად შედის მეტოქის საჯარიმოში. ეს სურათი შეესაბამება მარცხენა გარემარბს, რომელიც ბურთს ფლანგზე იღებს, დიაგონალურად მოძრაობს და შეტევის დამაგვირგვინებელ ზონებში ხვდება. პარი სენ-ჟერმენის 7 ნომერი სხვა შემტევებთან კომუნიკაციას ამყარებს და თამაშის ფაზის მიხედვით ხან შემქმნელია, ხანაც დამაგვირგვინებელი.“
რატომ არის Sofascore-ის რეიტინგი მნიშვნელოვანი
„7.68-იანი რეიტინგი, 10-ქულიან სისტემაში, კარგად ასახავს გავლენას, რომელიც მას თამაშზე მთელი 90 წუთის განმავლობაში აქვს. ამაში იგულისხმება როგორც შექმნილი მომენტები, ისე საბოლოო შედეგიანობა. თუ ეს დონე შეინარჩუნა, კვარაცხელიასთვის ეს სეზონი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ საპასუხო შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.