2030 წლამდე | პარი სენ-ჟერმენი ლუის ენრიკესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ლუის ენრიკე და „პარი სენ-ჟერმენი“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან. ეს ინფორმაცია რამდენიმე ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა და ახლახან ავტორიტეტულმა RMC Sport-მა დაადასტურა.
პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი კლუბს საკუთარ მომავალს 2030 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს. ესპანელი სპეციალისტი პარიზში თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია, რაც „პარი სენ-ჟერმენისთვის“ უმნიშვნელოვანესია.
კლუბი მას აქტიურად ეხმარება, რათა ახალი საცხოვრებელი პარიზში იპოვოს. ამ მომენტისთვის, ენრიკე პარიზთან ახლოს მდებარე სენ-ჟერმენ-ან-ლეში ცხოვრობს და პსჟ-ში თვლიან, რომ მისი ყოველდღიური ცხოვრება გამარტივდება, თუ ის დედაქალაქთან უფრო ახლოს იცხოვრებს.
ფრანგულ გრანდს სურს, ყველაფერი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მოგვარდეს. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიზრდება ესპანელი სპეციალისტის ხელფასიც. ამ მომენტისთვის, ენრიკე თვეში 1 მილიონ ევროს იღებს, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი მსოფლიოს სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს შორის იქნება.
ესპანელი სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება თანხვედრაში იქნება „პარი სენ-ჟერმენის“ სტრატეგიული მრჩევლის, ლუიშ კამპუშის ხელშეკრულებასთან. კამპუში გუნდში 2030 წლამდე რჩება და RMC Sport-ის მიხედვით, მას და ენრიკეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. კლუბს ჰარმონიული ვითარების გაგრძელება სურს.