გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა | მეცი ველოდრომზე 1:3 დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცი“ „მარსელს“ დაუპირისპირდა. ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების გუნდის მოუგებელი სერია 17 მატჩამდე ავიდა და „მეცი“ „ველოდრომზე“ 1:3 დამარცხდა.

„წიტა“ ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც „მარსელთან“ სათამაშო დრო მიეცა. „მეცის“ შვიდიანი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და გოლიც გაიტანა. 49-ე წუთზე გიორგიმ ფლანგზე კარგად იმოქმედა, ცრუმოძრაობა გააკეთა, საჯარიმოში შევიდა და ხერონიმო რულის კარი აიღო. Sofascore-მა „წიტას“ თამაში 7.6 ქულით შეაფასა, რაც „მეცში“ საუკეთესო შედეგი იყო.

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. „მარსელის“ გარდა, მან თავი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბრესტის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.

წიტაიშვილის გოლით „მეცმა“ ანგარიში 1:2 გახადა და დარჩენილ მატჩის გადარჩენა არ გამოუვიდა. „მარსელის“ მხრიდან გოლები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, იგორ პაიშაომ და ჰამედ ჯუნიორ ტრაორემ გაიტანეს. „ობამ“ საკუთარი გუნდი დააწინაურა, პაიშაომ ლამაზი მოძრაობით 2:0 დააფიქსირა, საბოლოო წერტილი კი ტრაორემ დასვა — 3:1.

როგორც გითხარით, „მეცს“ ჩემპიონატში ზედიზედ 17 მატჩია არ მოუგია. ლიგა 1-ში ქართველი ფეხბურთელების გუნდის ბოლო გამარჯვება 2025 წლის 9 ნოემბრით თარიღდება, როცა „მეცმა“ „ნიცა“ 2:1 დაამარცხა. ქართველების გუნდს 15 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე მყოფ „ოსერს“ 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა საოცარი ფეხბურთელია“ | გარი ლინეკერმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„რა საოცარი ფეხბურთელია“ | გარი ლინეკერმა კვარაცხელიაზე ისაუბრა