„შთამბეჭდავ ფორმაშია“ | იტალიური პრესა კვერნაძის თამაშს გამოეხმაურა
გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში მისი „ფროზინონე“ „სპეციას“ დაუპირისპირდა და ქართველ ფეხბურთელს ორი საგოლე მოქმედება ჰქონდა. 37-ე წუთზე კვერნაძემ ანგარიში გახსნა, 55-ე წუთზე კი ფარეს გეჯემისს გაატანინა, და მისი კარგი თამაში იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
Tuttomercatoweb: „კიდევ ერთხელ იყო მომაკვდინებელი. მარცხენა ფლანგიდან „სპეციას“ მცველების წინააღმდეგ ბევრი იმუშავა და საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი ბურთი ძელს გაარტყა.“
Frosinonetoday: „საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზე. ანგარიში გახსნა, საგოლე გადაცემა ჰქონდა, ბურთი ძელს გაარტყა და მეტოქის კართან ხიფათს რეგულარულად ქმნიდა.“
Tuttofrosinone: „გოლი და ასისტი. შესანიშნავი გამოსვლა მარცხენა ფლანგზე.“
Alefrosinone: „გოლი, ასისტი, ძელი და რამდენიმე საინტერესო გადაცემა თანაგუნდელებს. საუკეთესო ფეხბურთელი დღევანდელ მატჩში.“
Alessioporcu: „ქართველი ფეხბურთელი შთამბეჭდავ ფორმაშია და, როგორც იქნა, „ფროზინონეს“ შეუძლია, მისით ისიამოვნოს.“
ცნობისთვის, სერია B-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძემ 23 მატჩში 9 საგოლე მოქმედება მიითვალა და მასიმილიანო ალვინის გუნდს 5 გოლითა და 4 საგოლე პასით დაეხმარა. გიორგიმ ბოლო ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.