მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - ვილიარეალმა ბილბაოში მოიგო
ლა ლიგის 31-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „ატლეტიკ ბილბაოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. შემოსვლიდან მალევე, მიქაუტაძეს ზღაპრული გოლის გატანა შეეძლო. ქართველმა ფეხბურთელმა ლაპორტის პასი ჩაჭრა და თითქმის, მოედნის ცენტრიდან გადაგზავნა ბურთი უნაი სიმონის კარის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ, მიქაუტაძეს მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
საერთო ჯამში, მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 13 შეხება, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, 7-დან 7 ზუსტი პასი, 1 განმუხტვა, ერთხელ ბურთის დაბრუნება, 2-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 6.4 ქულა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „ვილიარეალმა“ ანგარიში 26-ე წუთზე, კარდონას გოლით გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი გონსალესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში, 84-ე წუთზე „ატლეტიკმა“ გურუსეტას გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მასპინძლებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
31 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 61 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, სტუმრად „რეალ ოვიედოსთან“ გამართავს.