„სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება“ - რუდი გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლიში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ ქართველი შემტევი დაცვით ფაზაში თავდადების გამო შეაქო და ხაზი გაუსვა მისი თამაშის იმ კომპონენტს, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
რას ამბობს რუდი გარსია:
„გუნდში მისი გაწვრთნა ნამდვილად ძალიან ადვილია. დაცვაში ზუსტად ისეთ ძალისხმევას დებდა, როგორც დღეს პსჟ-ში. დაცვაში გიჟივით შრომობს და ეს მართლაც საინტერესოა. ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება. მხოლოდ გუნდური თამაშით ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ. ასევე აუცილებელია ინდივიდუალური უპირატესობის შექმნა, მით უმეტეს ახლა, როცა ძალიან ბევრი გუნდი თითქმის ერთნაირად იცავს თავს.“
პარიზულ გუნდში გადასვლის დღიდან, ხვიჩა გუნდში სწრაფად იქცა საკვანძო ფიგურად, რაც მისი შრომისუნარიანობისა და გუნდურობის დამსახურებაა. მისმა თამაშმა არა მხოლოდ კლუბის შიგნით დაიმსახურა მოწონება, არამედ ყოფილი ფეხბურთელების აღიარებაც მოიპოვა. მოსალოდნელია, რომ ქართველი გარემარბი კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მომავალ დაპირისპირებაში „ლივერპულის“ წინააღმდეგ ენფილდზე.