მადლობა ლუკას, თამაშში დაგვტოვა | მწვრთნელმა ხარატიშვილი შეაქო
ჩეხეთის ჩემპიონატში ქართველმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა, პარდუბიცემ საკუთარ მოედანზე ოლომოუცს 2:1 სძლია. ლუკას აქტივში ორი შესანიშნავი რეაქციაა. მე-7 წუთზე მან პენალტი მოიგერია, ოლომოუცის კაპიტანსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, იან კლიმენტს არ გაატანინა. მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ახლო მანძილიდან თავით დაურტყეს, რთული დარტყმა მოიგერია,
პარდუბიცეს მთავარმა მწვრთნელმა იან ტროუსილმა მატჩი შეაფასა და ლუკას კარგ თამაშს ხაზი გაუსვა: „მოხარულები ვართ, რომ მნიშვნელოვან მატჩს თავი წარმატებით გავართვით. ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ პირველ ტაიმში მეტოქემ არ დაგვსაჯა. მათ ვერ გამოიყენეს თავიანთი უდიდესი შანსები, ჩვენ კი მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა გადაგვარჩინა. მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული იყო, ის 1:0 მოვიგეთ და სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოგებისთვის მადლობა ლუკას უნდა გადავუხადოთ. სწორედ მან დაგვტოვა თამაშში. ბედნიერი ვარ, რომ სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს, რომლებიც ფანტასტიკურად გვქომაგობდნენ, ვაჩვენეთ, რომ ჩვენს გუნდში კარგი გარემოა’’.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პარდუბიცემ გამოცდილი მეკარე ალეშ მანდოუსი დაიმატა, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ზამთრის პაუზის შემდეგ ახალწვეული მანდოუსი სამ მატჩში სასტარტოში იყო, თუმცა შემდეგ სკამზე დასვეს და მას შემდეგ ლუკა მუდმივად სასტარტოშია. ლუკა სკამზე სეზონის პირველ ნახევარშიც იჯდა, თუმცა შემდეგ პირველი მეკარე იაჰიმ სერაკი სასტარტოდან ამოაგდო და შემდეგ სერაკი სხვა კლუბში წავიდა. მოკლედ, ლუკამ ამ სეზონში კონკურენცია ორ მეკარეს მოუგო, სტაბილურად თამაშობს და ეროვნული ნაკრების კანდიდატია.
23 წლის მეკარემ, რომელიც ბათუმის დინამოს საკუთრებაა და პარდუბიცეში ერთწლიანი იჯარით თამაშობს, მიმდინარე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა, 9-დან 2 მატჩში კარი მშრალად შეინახა.