თურქეთის ჩემპიონატის MVP და ბომბარდირი - ახალი ნატურალიზებული ნაკრებში
Aa
Aa

თურქეთის ჩემპიონატის MVP და ბომბარდირი - ახალი ნატურალიზებული ნაკრებში

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავს - 27 თებერვალსა და 2 მარტს დანიის ნაკრებთან მარკის რიდი ითამაშებს. „ტრაბზონსპორის“ 30 წლის მოთამაშე ბოლო ორ სეზონში თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წლევანდელ გათამაშებაშიც დაგროვებული ქულების რაოდენობით პირველ ადგილზეა და საშუალოდ 23 ქულას, 5 პასს, 3,2 მოხსნას და 1,5 ჩაჭრას აგროვებს. მისი მოწვევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როდესაც გაირკვა, რომ ტრავმის გამო კამარ ბოლდუინი თებერვლის სანაკრებო ფანჯარასაც გამოტოვებდა.

191 სანტიმეტრის სიმაღლის რიდს როგორც გამთამაშებლის, ასევე მსროლელის პოზიციაზე თამაში თანაბარი წარმატებით შეუძლია. რაც შეეხება მის კარიერას, კლემსონის უნივერსიტეტის გუნდში გამოსვლა 2019 წელს დაასრულა და რადგან NBA-ს დრაფტზე არ აირჩიეს, კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა. მარკისის პირველი კლუბი საფრანგეთის „როიანი“ იყო, რის შემდეგაც „პრომეთეიში“, „ნანტერში“, „გრაველინში“ და „ბრინდიზიში“ გამოდიოდა. ამას მოჰყვა თურქეთში გადაბარგება, სადაც „ბუიუქჩეკმეჩისა“ და „თოფაშის“ ღირსებას იცავდა, ამ სეზონის წინ კი „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა.

ცნობისათვის, შარშანდელ სეზონში რიდი „თოფაშის“ შემადგენლობაში ასპარეზობისას თურქეთის ჩემპიონატის როგორც საუკეთესო ბომბარდირი, ასევე უძვირფასესი მოთამაშე გახდა. მისი ნაკრებში ჩამოსვლის თარიღი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ეტაპზე დაასრულებს „ტრაბზონი“ თურქეთის თასზე ასპარეზობას. რიდი და მისი თანაგუნდელები 17 თებერვალს „თურქ ტელეკომს“ ხვდებიან და თუ დამარცხდება, მარკისი პირდაპირ თბილისში გამოემგზავრება, თუ მისი გუნდი მოიგებს, კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევს და სხვა ლეგიონერებთან ერთად, ნაკრებს პირდაპირ დანიაში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა გაუმიზეზდა - ბოლდუინი ნაკრებში გამოირიცხა
ტრავმა გაუმიზეზდა - ბოლდუინი ნაკრებში გამოირიცხა