„ერთი გოლი სჭირდება, ორი კარგი მატჩი ჰქონდა“ | რასინგის მწვრთნელი გულიაშვილზე
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი გულიაშვილის რასინგი „ეიბარს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო და გოლის გატანა ორჯერ შეეძლო, მეორე ნახევრის დასაწყისში კი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა ყურადღება არ მიაქცია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტო ლოპესმა პრესკონფერენცია გამართა. სანტანდერელთა თავკაცს გულიაშვილის ეპიზოდების შესახებაც ჰკითხეს და ლოპესმა განაცხადა, რომ გიორგიმ კარგი მატჩი ჩაატარა.
„გულიაშვილის ეპიზოდი? არ მინდა, მსაჯის გადაწყვეტილებებზე კომენტარი გავაკეთო. თუ გვინდა, რომ ლა ლიგაში პირდაპირ გადავიდეთ, ყველა სხვა გუნდზე მაღლა უნდა ვიდგეთ. 1:0-ს ვიგებდით და უკეთ უნდა გვეთამაშა. მსაჯი ზოგჯერ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ზოგჯერ — შეცდება, ამას მე ვერ განვსჯი“.
ჟურნალისტის შეკითხვა: „გიორგი გულიაშვილი ბევრს შრომობს, მაგრამ არის მომენტები მეტოქის კარის წინ, როდესაც ჩანს, რომ სუფთა სისხლის ცხრიანი არ არის. რას გვეტყვით ამაზე და თავდამსხმელის საკითხზე „რასინგში“?“
„ვფიქრობ, ბოლო ორ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილს საკმარისი შანსები ჰქონდა, რომ განსხვავება შეექმნა. არ ვამბობ, ყველა გაეტანა-მეთქი, ეს არარეალურია, მაგრამ მომენტების 50 პროცენტი მაინც რომ გამოეყენებინა, ახლა ვიტყოდით, რომ მაღალი დონის თავდამსხმელი გვყავს. გიორგის ერთი გოლი სჭირდება, რათა თავდაჯერება მოიპოვოს და დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო დამაჯერებელი გახდეს. ჩემი აზრით, მას ორი ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა“.
ცნობისთვის, 26 ტურის შემდეგ „რასინგს“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. სანტანდერელები მომდევნო შეხვედრას 22 თებერვალს, „ბურგოსის“ წინააღმდეგ გამართავენ.
გიორგი გულიაშვილის მომენტები