სამივე ქართველმა ითამაშა - მეცი ოსერთან დამარცხდა
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „მეცის“ მოუგებელი სერია 10 მატჩამდე გაიზარდა. ლიგა 1-ის 22-ე ტურში, „ოსერთან“ საშინაო შეხვედრაში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბენუა ტავენომ გიორგი წიტაიშვილთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბუაშვილიც დააყენა, ხოლო გიორგი ქვილითაია ცვლილებაზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და „მეცი“ საკუთარ სტადიონზე 1:3 დამარცხდა.
სტუმრები მე-4 წუთზე სადიბო სანეს ავტოგოლით დაწინაურდნენ. შეხვედრის ბოლოს, 76-ე და 89-ე წუთებზე მასპინძლების კარში კიდევ ორი ბურთი გავიდა. ჯერ არიე მიშელ-მბულას ავტოგოლს ჰქონდა ადგილი, ხოლო კევინ დანუამ გამოიჩინა თავი. ერთადერთი, რაც „მეცმა“ მოახერხა, კომპენსირებულ დროში ნათან მბალას ეფექტური გოლი იყო.
„მეცის“ ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 6.8 მეათედი წიტაიშვილმა მიიღო, რომელიც ხშირად ცდილობდა შეტევის გამწვავებას, მაგრამ თანაგუნდელები მხარს სათანადოდ ვერ უბამდნენ. რაც შეეხება აბუაშვილსა და ქვილითაიას, მათ შეხვედრის ბოლოს გატანა სცადეს, თუმცა პირველმა მათგანმა კარს მცირედით ააცილა, ხოლო მეორის დარტყმას მეკარე მშვიდად დაეუფლა.
ცნობისათვის, 22 ტურში დაგროვებული 13 ქულით „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში ქართული დერბი გველის - „მეცი“ სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება და შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.