„ცხოვრებაში პირველად მათთან ერთად დავლიე“ - ციციპასმა რაფა და როჯერი გაიხსენა
პოდკასტი თავისი ფორმატით და პრაქტიკულად შეუზღუდავი ქრონომეტრაჟით, ნებისმიერი წამყვანისთვის კარგი საშუალებაა, რესპოდენტისგან მაქსიმალურად მეტ შეკითხვაზე მიიღოს პასუხი და თავად სტუმრებიც ასეთ ფორმატში ბოლომდე იხსნებიან და ისეთ ამბებს იხსენებენ, რის შესახებაც გულშემატკივარს აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბერძენი ჩოგბურთელის სტეფანოს ციციპასის შემთხვევაში, რომელიც სტუმრად ყოფილი მეგობარი გოგონას, თეოდორა პეტალასის პოდკასტში იმყოფებოდა და ლეგენდებთან, რაფაელ ნადალთან და როჯერ ფედერერთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა:
„რაფა ინტროვერტი ადამიანია და იმდენს არასოდეს საუბრობდა, რამდენსაც როჯერი. ეს უკანასკნელი კი ჩემზე მუდამ თავდაჯერებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოვიდოდა შენთან, დაგელაპარაკებოდა, სულელურ შეკითხვებს დაგისვამდა. ერთი სიტყვით პატარა ბავშვივით იქცეოდა, ოღონდ კარგი გაგებით და მე ეს ძალიან მომწონდა.
შეიძლება ახლა რასაც ვიტყვი ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ნადალთან და ფედერერთან ერთად დავთვერი და ეს 2019 წლის ლეივერის თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მოხდა. დაბნეული აქეთ-იქეთ რომ ვიყურებოდი და ვფიქრობდი რა შემეკვეთა, ჩემთან როჯერი მოვიდა მითხრა: „შენ დალევა გჭირდება“. მე ვიფიქრე: „რახან ფედერერი მეუბნება, რომ დალევა მჭირდება, აუცილებლად უნდა დავლიო“.
იმ საღამოს ყველა დომინიკ ტიმის სახლში შევიკრიბეთ, ძალიან ბევრი დავლიეთ და ბოლოს მაგიდაზე ასულებმა ყველამ ერთად ვიცეკვეთ. მაშინ ჩოგბურთი კიდევ უფრო დავაფასე და მივხვდი, რომ ჩვენი ყველანი მეტოქეები კი არა, მეგობრები ვიყავით“.
შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპასი ახლა ATP-ის რეიტინგში 32-ე პოზიციაზეა. მას კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირი არასოდეს მოუგია. ამასთან ყველაზე ახლოს 2021 და 2023 წლებში იყო, თუმცა ჯერ როლან გაროსის, შემდეგ კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი წააგო.