„ილიასთვის ყველაფერი დასრულდება“ - ევლოევი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე
ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირების შესახებ MMA-ს სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს და ბუნებრივია, განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ როგორც ისლამისთვის იქნება ილია ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, ანალოგიურად გაუჭირდება „ელ მატადორსაც“ დაღესტნელის დამარცხება. თუმცა, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის დაუმარცხებელი მებრძოლი მოვსარ ევლოევი ამ დუელის გამართვის შემთხვევაში, ცალსახა ფავორიტად მახაჩევს მიიჩნევს.
მოვსარ ევლოევი
ილიას ძალიან სურს ისლამთან დაპირისპირება, რაც მისი მხრიდან სულელური ნაბიჯი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თოფურიასთვის ყველაფერი დასრულდეს. „ელ მატადორს“ აქვს საიმისო შესაძლებლობები, რომ მსუბუქ წონაში დომინანტი იყოს და არა მგონია, ჯასტინ გეიჯის წინ ბედნიერი დღეები ჰქონდეს. თუ ილია გეიჯის დაარტყამს, ეს უკანასკნელი ნოკაუტში აღმოჩნდება, მაგრამ იგივე არ მოხდება ისლამთან დაპირისპირების შემთხვევაში, რადგან მახაჩევი სხვა დონეზე დგას.
შეგახსენებთ, რომ თავად მოვსარ ევლოევს ბრძოლა ახლახანს ჩაუნიშნეს - 21 მარტს, ლონდონში ის ასევე დაუმარცხებელ ლერონ მერფის შეხვდება და ამ წყვილის გამარჯვებულთან ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება.