ილია ნამდვილი დინამიტია | ჯონ ჯონსის ფავორიტი ქართველი მებრძოლია
MMA-სა და კრივის სამყაროს ცნობილმა ჟურნალისტმა ჰელენ იმ ჯონ ჯონსთან ისაუბრა. ჯონსმა ილია თოფურიას დინამიტი უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ილიასა და გეიჯის ბრძოლა ნამდვილად გიჟური იდეაა.
ჰელენი: გყავთ ფავორიტი მებრძოლი, რომლის ყურებაც გიყვართ?
ჯონსი: ჩემი ფავორიტი მებრძოლი ყოველთვის ანდერსონ სილვა იყო. ის დაუჯერებელია. ახლა კი ვიტყოდი, რომ ჩემი ფავორიტი ილიაა [თოფურია]. მართლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ის უბრალოდ დინამიტია.
ჰელენი: ხმები დადის, რომ ის დაბრუნდება და თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან ერთად მთავარ ბრძოლას გამართავს.
ჯონსი: წარმოგიდგენია, რა გიჟური იქნებოდა?
ჯონ ჯონსი ილიას დინამიტს უწოდებს, მის ფეთქებად ძალას უსვამს ხაზს. ილია თოფურიას ხსენება ჯონსის მხრიდან დიდი აღიარებაა, რადგან ჯონსი ბევრი მიმომხილველის მიერ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად (GOAT) ითვლება.
რაც შეეხება ილიასა და გეიჯის შესაძლო ბრძოლას, ამასთან დაკავშირებით ჯასტინმა მიმდინარე კვირაში ვრცლად ისაუბრა:
„რა იქნება შემდეგ? ბრძოლა თოფურიასთან, თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე. ასეც უნდა მოხდეს, სხვა ვარიანტი არ არსებობს. გამოსვლა პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან ოქტაგონზე, მხრებზე დროშით. ამაზე ჯერ კიდევ გასულ წელს, რაფაელ ფიზიევთან ბრძოლის მომენტიდან ვსაუბრობდი. ვფიქრობდი, რომ თოფურიას იანვარში დავუპირისპირდებოდი, ივნისში კი ქამარს თეთრი სახლის ტურნირზე დავიცავდი. თუმცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ილიამ ნაბიჯი უკან გადადგა, მას პირადი პრობლემები ჰქონდა. მე მაინც მივიღე ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის, რამაც „ქაღალდზე“ ჩემპიონად მაქცია. ეს მაძლევს უფლებას, ილია თოფურიას თეთრ სახლში დავუპირისპირდე“.
შეგახსენებთ, ხუთ თებერვალს Marca-მ ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ ვერდიქტი გამოტანილია და „ელ მატადორი“ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.
ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“. გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა (ვრცლად).