გეიჯი: სხვა ვარიანტი არ არსებობს - ილიას თეთრ სახლში ვეჩხუბები
UFC-ის დროებითმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში, ჯასტინ გეიჯიმ, ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.
„რა იქნება შემდეგ? ბრძოლა თოფურიასთან, თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე. ასეც უნდა მოხდეს, სხვა ვარიანტი არ არსებობს. გამოსვლა პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან ოქტაგონზე, მხრებზე დროშით. ამაზე ჯერ კიდევ გასულ წელს, რაფაელ ფიზიევთან ბრძოლის მომენტიდან ვსაუბრობდი.
ვფიქრობდი, რომ თოფურიას იანვარში დავუპირისპირდებოდი, ივნისში კი ქამარს თეთრი სახლის ტურნირზე დავიცავდი. თუმცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ილიამ ნაბიჯი უკან გადადგა, მას პირადი პრობლემები ჰქონდა.
მე მაინც მივიღე ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის, რამაც „ქაღალდზე“ ჩემპიონად მაქცია. ეს მაძლევს უფლებას, ილია თოფურიას თეთრ სახლში დავუპირისპირდე“,
- განაცხადა გეიჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ვარჯიში უკვე განაახლა და მომდევნო ბრძოლისთვის ფორმაში შესვლას იწყებს. მისი სავარაუდო მეტოქე სწორედ გეიჯია. თუმცა, ისლამ მახაჩევთან ბრძოლაც განიხილება. ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი თქმულა.