„მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა“ - Eagle Media ბეშიქთაშსა და ზურიკოზე
თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 6 თებერვალს იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბეშიქთაშს“ ზურიკო დავითაშვილის გადასაბირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ამის შესახებ თურქული გამოცემა Eagle Media იტყობინება.
რას წერს გამოცემა:
„მთელი იანვრის განმავლობაში „ბეშიქთაში“ ზურიკო დავითაშვილის დამატებას ცდილობდა, თუმცა სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდა. ტრანსფერი, რომელიც პირადად კლუბის პრეზიდენტ, სერდალ ადალისთანაა შეთანხმებული და დიდ ფინანსებს უკავშირდება, ჩიხში შევიდა, რაც შემჭიდროვებული ვადებითა და ფრანგული კლუბის პოზიციით არის განპირობებული.
„სენტ-ეტიენმა“ არ მიიღო „ბეშიქთაშის“ წინადადება, რომელიც იჯარასა და გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა და მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზეა თანახმა, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბები უახლოეს დღეებში შეთანხმებას მიაღწევენ, მოკლე დროში ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, ხოლო საერთაშორისო ლიცენციის მიღება და დოკუმენტაციის თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში დარეგისტრირება თითქმის შეუსრულებელ ამოცანად რჩება.
დრო ბეშიქთაშის წინააღმდეგ მუშაობს, რის გამოც კლუბი იძულებული აგხდა, ალტერნატიულ ვარიანტებზე დაეწყო მუშაობა. თუ კარდინალური ცვლილებები არ მოხდა, დავითაშვილის ტრანსფერი, რომელსაც გულშემატკივრები ასე ელოდებიან, სულ მცირე ზაფხულამდე გადაიდება“.
შეგახსენებთ, რომ იანვარში მედია დავითაშვილის სახელს რამდენიმე კლუბს უკავშირებდა, რომელთა შორის ყველაზე მეტად „ბეშიქთაში“ და „ტრაბზონსპორი“ აქტიურობდნენ.
რაც შეეხება ქართველ შემტევს, მან ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და გასულ უქმეებზე „ბულონთან“ მატჩში მოედანზე დაბრუნდა.