„დღეს მას უნდა მოეგო“ | მუზეტი ჯოკოვიჩს 2:0-ს უგებდა, მაგრამ მატჩს ჩაეხსნა
ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა. იტალიელი ჩოგბურთელი სენსაციის მოხდენასთან ძალიან ახლოს იყო და პირველი ორი სეტი მოიგო, თუმცა ტრავმის გამო თამაში ვეღარ გააგრძელა და ნახევარფინალში „ნოლე“ გავიდა.
ჯოკოვიჩმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი ორი გეიმი მოიგო, თუმცა შემდეგ ზედიზედ ოთხი წააგო და მუზეტი 4:2 დაწინაურდა. იტალიელი საკუთარ მოწოდებაზე აღარ შემცდარა და საწყისი პარტია 6:4 წაიღო. მეორე სეტი მუზეტის უპირატესობით წარიმართა და ლორენცომ პარტია 6:3 დახურა, მესამე სეტში კი 1:3-ს აგებდა და ფეხის ტრავმის გამო, ჩახსნა მოუწია.
მეორე სეტში ერთი მომენტი უნდა გამოვარჩიოთ. როდესაც ჯოკოვიჩი 3:5-ს აგებდა, მისი მოწოდება იყო. 30:15-ზე „ნოლე“ დამოკლებულის შემდეგ ბადესთან გავიდა, რასაც მუზეტიმ დიაგონალით უპასუხა, თუმცა ბურთი აუტში აღმოჩნდა. ნოვაკი მუზეტის დარტყმას შეეხო, რაც მსაჯმა ვერ დაინახა. ჯოკოვიჩი ღირსეულად მოიქცა, აღიარა, რომ ბურთს შეეხო, ქულა დათმო და საბოლოოდ მუზეტიმ ბრეიკი სწორედ ამ გეიმში შეასრულა, რითაც სეტიც მოიგო.
„არ ვიცი, რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ მის გამო ძალიან ვწუხვარ. უკეთესად თამაშობდა და სახლისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი. არ ვიცი, რა ვთქვა. ასეთი რაღაცები ჩოგბურთში ხდება და მეც დამმართნია. ძალიან არ გაუმართლა. ლორენცოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ორი აზრი არაა, რომ დღეს მას უნდა მოეგო“, — განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.
მუზეტისთან გამარჯვებით „ნოლემ“ რეკორდი დაამყარა და ავსტრალიის ღია პირველობაზე 103-ე მატჩი მოიგო. ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც ავსტრალიაში 102 გამარჯვება ჰქონდა. ერთ დიდ სლემზე 103-ზე მეტი თამაში მხოლოდ ფედერერს (105 უიმბლდონზე) და რაფაელ ნადალს (112 როლან გაროსზე) მოუგიათ. ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე იანიკ სინერისა და ბენ შელტონის წყვილის გამარჯვებული იქნება.