ტურის MVP გახდა - იაშაღაშვილი TOP 14-ისთვის ემზადება
იოანე იაშაღაშვილი მომდევნო სეზონიდან „ვანის“ ღირსებას დაიცავს, რომელიც მოცემულ მომენტში PRO D2-ის ლიდერია და TOP 14-ში გადასვლის მთავარი კანდიდატია, თუმცა 25 წლის ქართველი მორაგბე ჯერჯერობით მომავალზე არ ფიქრობს და „მონ-დე-მარსანის“ წარმატებაზე ზრუნავს, სადაც უკვე რამდენიმე წელია ირიცხება და კლუბის ერთ-ერთ წამყვან მორაგბედ ითვლება. იაშაღაშვილი ამჯერადაც გამორჩეული გახლდათ და არამხოლოდ მატჩის, არამედ პირველი დივიზიონის მე-18 ტურის MVP გახდა.
„მონ-დე-მარსანი“ სტუმრად „ნევერს“ დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა ფრედ, 29:29 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე სწორედ იაშაღაშვილმა გახსნა, რომელმაც თანაგუნდელების მიძალება მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებით დააგვირგვინა. ჯამში იოანემ 78 წუთი ითამაშა და მეტოქე გუნდის შეტევის 17 წარმატებული ბლოკირება ჰქონდა. მის გარდა „მონ-დე-მარსანის“ რიგებში ვლადიმერ ჩაჩანიძემაც ითამაშა, ხოლო „ნევერის“ შემადგენლობაში ლუკა უნგიაძემ, ლაშა ფხაკაძემ, ილია კაიკაციშვილმა და რატი ზაზაძემ იასპარეზეს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში გამართულ 10 შეხვედრაში იოანე იაშაღაშვილს უკვე 4 ლელო დაუგროვდა. მან სასტარტოში თამაში რვაჯერ დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 638 წუთი გაატარა.