ბრაზილიელი და პორტუგალიელი - დინამო თბილისი ლეგიონერებით გაძლიერდა
კლუბის მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ კაკაშვილის დანიშვნის შემდეგ „დინამო თბილისს“ აქცენტი უფრო მეტად აკადემიის აღსაზრდელებისა და ვეტერანი ქართველი მოთამაშეების დამატებაზე ჰქონდა გადატანილი, თუმცა ამჯერად როგორც ჩანს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სკაუტინგის სამსახურის ყურადღება ლეგიონერებმაც მიიქციეს და პორტუგალიელი და ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატეს.
22 წლის ბრაზილიელმა ლეონარდუ სანტუშმა, რომელსაც დაცვაში ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა, „დინამოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლოს „ეშტორილის“ 23-წლამდე გუნდში თამაშობდა და გამომდინარე იქიდან, რომ ნოდარ ლომინაძის ტრანსფერის შემდეგ ამ პორტუგალიურ კლუბსა და „დინამოს“ შორის კარგი საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მოლაპარაკებებისთვის ზედმეტად დიდი დრო არ დახარჯულა. ბავშვობაში ლეონარდუ „ფლამენგოსა“ და „კორინთიანსის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ევროპაში წამოსვლამდე კი „ატლეტიკო მინეირუს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მის მსგავსად 22 წლისაა პორტუგალიელი გარემარბი რუი მონტეირუ და მასთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სხვადასხვა დროს მონტეირუს „პორტუს“ თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია.
ცნობისათვის, „დინამო თბილისი“ სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს საქართველოში გადის, 4 თებერვალს კი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.