„ამას სიზმარშიც ვერ იზამ“ - ჩიმაევი ილიასთან შესაძლო გრეპლინგზე
ხამზატ ჩიმაევი გამოეხმაურა ერთ-ერთი ქომაგის პოსტს, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ილია თოფურია მასთან მიმსგავსებულ სპარინგ-პარტნიორს გრეპლინგში მახრჩობელა ილეთით ამარცხებს.
ჩიმაევი ამ ფაქტს გამოეხმაურა და მისი და ილიას შესაძლო გრეპლინგის შედეგებზე ისაუბრა.
„ის, ვინც ჩემზე ორჯერ დაბალია და ორჯერ ნაკლებს იწონის, ხამზატს სიზმარშიც ვერ დაახრჩობს“,
- დაწერა ჩიმაევმა ვიდეოს კომენტირებისას, რომელსაც ეწერა „ილია ხამზატის წინააღმდეგ“.
ადრე ჩიმაევი და თოფურია შვედურ დარბაზში, Allstars-ში ერთად ვარჯიშობდნენ, როდესაც ორივე Brave CF-ის ლიგაში ასპარეზობდა.
ამჟამად, დაუმარცხებელი ჩეჩენი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონია, ხოლო დაუმარცხებელი ქართველი „მატადორი“ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს ფლობს.
ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლების რეიტინგში (P4P), თოფურია და ჩიმაევი, შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ.