„გალიაში ვიყავი და მეც კი მოვიწყინე“ - დუ პლესიმ ჩიმაევი გაიხსენა
2025 წელს UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა საშუალო წონით დივიზიონში ახალი ჩემპიონის გამოჩენა გახლდათ. დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა სამხრეთ აფრიკელი დრიკუს დუ პლესი საოცარი დომინაციის ფონზე, ხუთ რაუნდში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. მაშინდელი ბრძოლის გახსენება დუ პლესის ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა სთხოვა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„როგორც უკვე ვთქვი, ჩიმაევს დიდ პატივს ვცემ. ის გამოვიდა ჩემთან საბრძოლველად და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. თუმცა, ამხელა აჟიოტაჟის გათვალისწინებით, ეს ის ბრძოლა ნამდვილად არ იყო, რისი ხილვაც გულშემატკივარს სურდა. წარმოიდგინეთ, გალიაში ვიყავი და მეც კი მოვიწყინე. მოკლედ, ხამზატმა გააკეთა ყველაფერი რომ ჩემთვის ქამარი წაერთვა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და რას ვიზამთ, ყველას თავისი პრიორიტეტები გააჩნია“.
შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევთან დამარცხებამდე დრიკუს დუ პლესიმ საჩემპიონო ქამარი შონ სტრიკლენდის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ტიტული ორჯერ, ჯერ ისრაელ ადესანიასთან, შემდეგ კი იმავე სტრიკლენდთან წარმატებით დაიცვა. რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ის საშუალოდან ქვემძიმე წონაში აინაცვლებს და ალექს პერეირას დაუპირისპირდება, თუმცა ჯერჯერობით ამის ოფიციალური დასტური არც ერთი მხრიდან არ ყოფილა.