„სიგიჟეებს აკეთებს, მაგრამ იმსახურებს“ - კოვინგტონმა მორალესი დაასახელა
UFC-ის ქვესაშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლა ჯერჯერობით არ ჩანიშნულა და შესაბამისად, მიდის ბევრი მარჩიელობა იმის თაობაზე, თუ რომელ მებრძოლთან დაპირისპირებაში დაიცავს პირველად ამ დივიზიონში საჩემპიონო ქამარს ისლამ მახაჩევი, რომელიც ორი წონის ჩემპიონი ნოემბერში ჯეკ დელა მადალენას ძლევის შემდეგ გახდა. UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა კოლბი კოვინგტონმა ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე MMAJunkie-ს ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა:
„იმ სავარაუდო კანდიდატებიდან, რომლებთანაც შესაძლოა ისლამ მახაჩევმა ტიტული დაიცვას, ჩემი აზრით ყველაზე ღირსეული მაიკლ მორალესია. ეკვადორელი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და მისთვის საჩემპიონო ჩხუბის მიცემა და სამხრეთ ამერიკის ბაზრის ათვისება, წესით UFC-ის ხელმძღვანელებისთვისაც მომგებიანი უნდა იყოს.
მორალესი ყველას ნოკაუტში აგდებს, ბრწყინვალე მებრძოლია, გარკვეული ქარიზმა გააჩნია და ხშირ შემთხვევაში უცნაურ აზრებსაც გამოთქვამს. ისიც გამიგია, რომ ყველანაირ სიგიჟეს აკეთებს. კერძოდ ქუჩაში კაბით დადის, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან კაცი ასე არ უნდა იქცეოდეს და ახალგაზრდებს მსგავს მაგალითს არ უნდა აძლევდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან მინდა მაიკლ მორალესი ოქტაგონში მახაჩევის წინააღმდეგ ვიხილო“.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ისლამ მახაჩევმა თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა და ხელის ტრავმა მოიმიზეზა, რაც დაღესტნელის მენეჯერმა უარყო და განაცხადა, რომ ისლამი დეტალებზე უახლოეს მომავალში რამადანის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.