„სავარაუდოდ ამ ევროზე ვეღარ ვითამაშებ“ - თოფურიას ტრავმა გაუმიზეზდა
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდისთვის ორმაგად წარუმატებელი გამოდგა. გარდა იმის, რომ ლატვიასთან (0:4) დიდი ანგარიშით დავმარცხდით, ტრავმის გამო მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი შოთა თოფურია მოისაკლისა. 35 წლის ფეხბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ მიღებული დაზიანების თაობაზე ტელეკომპანია „იმედთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„შეხვედრამდეც მაწუხებდა ეს ტრავმა, გახურების დროსაც დისკომფორტს ვგრძნობდი, ხოლო როდესაც მატჩი დაიწყო, დაზიანება გამიმიზეზდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შევძელი. სავარაუდოდ ამ ტურნირზე ვეღარ დავეხმარები გუნდს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები ისე იასპარეზებენ, რომ სამშობლოში თავაწეულები დავბრუნდებით.
მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს ყველა გულშემატკივარს. ვერ ვიტყვი იმას, რომ ბიჭებმა არ იბრძოლეს, მაგრამ ყველამ ნახა, რომ იყო რაღაც მომენტები, როდესაც შეიძლებოდა გოლი ჩვენ გაგვეტანა და მაშინ უკვე მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდებოდა. მძიმე მარცხია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო თამაშებისთვის არ მოვემზადებით და არ ვიბრძოლებთ. პლეი ოფში გასვლა გართულდა, მაგრამ ხორვატებთან და ფრანგებთან ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ“.
ცნობისათვის, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება და მატჩი კვირას, 25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.