აბდელაზიზი: შესაძლოა, ილიას ქამარი ჩამოერთვას... მაკგრეგორი ირლანდიელი ლოთია...
ცნობილმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა Submisson Radio-სთან ინტერვიუში MMA-ს სამყაროს რამდენიმე სკანდალური და საინტერესო პროგნოზი გაუზიარა. საუბარი შეეხო როგორც მოქმედ ჩემპიონებს, ისე სპორტის ლეგენდებსა და შესაძლო სამომავლო დაპირისპირებებს.
აბდელაზიზმა ინტერვიუს დასაწყისშივე ყურადღება გაამახვილა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიაზე. მისი თქმით, თუ ქართველი მებრძოლი აქტიურობაზე უარს იტყვის, მას შესაძლოა საჩემპიონო ტიტული ჩამოერთვას. ამ სცენარის შემთხვევაში, მენეჯერი განიხილავს ჯასტინ გეიჯისა და არმან ცარუკიანის ბრძოლას, როგორც ლოგიკურ გაგრძელებას.
ყველაზე ხმაურიანი განცხადება აბდელაზიზმა კონორ მაკგრეგორის მისამართით გააკეთა. მან ირლანდიელ ვარსკვლავს „ირლანდიელი ლოთი“ უწოდა და წამოაყენა იდეა, რომ მისი და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა ამერიკის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით, 14 ივნისს გაიმართოს: „მოიყვანეთ ეს „ირლანდიელი ლოთი'' თეთრ სახლში, ოღონდ დარწმუნდით, რომ თან არც ნარკოტიკები ექნება და არც კოკაინი. აჩხუბეთ ის ჯასტინ გეიჯთან“.
მენეჯერმა იქვე დასძინა, რომ მიუხედავად მაკგრეგორისადმი მისი პირადი ანტიპათიისა, ის აღიარებს კონორის წარსულ მიღწევებს და თვლის, რომ ირლანდიელი ერთ დროს მართლაც ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლი იყო.
აბდელაზიზის აზრით, მაკგრეგორს ამ ეტაპზე ბევრი არჩევანი აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კონორს შეუძლია ის გააკეთოს, რაც სურს, მენეჯერი მიიჩნევს, რომ გეიჯისთან ბრძოლა ყველაზე რეალური და საინტერესო სანახაობა იქნება გულშემატკივრებისთვის.