გამოსავალი გუნდის შეცვლაა? რუნიაიჩი გოგლიჩიძეს კვლავ არ ენდობა
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „უდინეზე’’ შინ „ინტერთან’’ 0:1 დამარცხდა. უდინური კლუბი 26 ქულით მე-10 ადგილზეა, ამ მომენტისთვის გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს, საუკეთესო ექვსეულს 8 ქულით ჩამორჩება.
საბა გოგლიჩიძემ, რომელმაც მცირე ტრავმის გამო იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 3 მატჩი გამოტოვა, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. სერია A-ს ბოლო ორ ტურში, პიზასთან’და ინტერთან თამაშისთვის მზად იყო, კოსტა რუნიაიჩმა სამატჩო განაცხადში შეიყვანა, თუმცა კვლავ არ ათამაშა, მისი მხრიდან უნდობლობა გრძელდება.
29 ოქტომბერს საბამ „იუვესთან’’ 90 წუთი ითამაშა, მას შემდეგ სასტარტო 11-ში არ ყოფილა. თუ ტრავმის გამო გამოტოვებულ მატჩებს არ ჩავთვლით, ზედიზედ 9 მატჩია რუნიაიჩი სასტარტო შემადგენლობის მიღმა ტოვებს და მხოლოდ ერთხელ შეიყვანა ცვლილებაზე, „ნაპოლისთან’’ მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე. რეალურად, არც ამ მატჩში უთამაშია.
ცენტრალური მცველები კაბასელე და სოლე მუდმივად სასტარტო 11-ში არიან. თუ გუნდი სამი ცენტრალური მცველით თამაშობს, მათ ბერტოლა ან კრისტენსენი ემატება ხოლმე. საბას კიდევ ერთი კონკურენტია 17 წლის გერმანელი მცველი მატეო პალმა. ძირითადად სკამზეა, თუმცა პერიოდულად ცვლილებაზე გამოდის ხოლმე და ნოემბრიდან მოყოლებული ქართველ მცველზე მეტ სათამაშო დროს იღებს.
თუ რუნიაიჩის მხრიდან უნდობლობა გაგრძელდა, საბა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ფორმის აღდგენა და ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა საკმაოდ რთული იქნება.
ქართველი მცველი მიმდინარე სეზონში ბოლონიასა და ტორინოს დაუკავშირეს.