0:2-დან გაათანაბრეს | იეგოიანის მესამე გოლი ნიდერლანდების ჩემპიონატში
ნიდერლანდების ერედივიზიეში, მე-19 ტურში ექსელსიორი - ტელსტარი 2:2 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 0:2-ს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა 0:2-დან გაათანაბრეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი იეგოიანმა ანგარიში შეამცირა, ნოა ნაუიოქსმა წონასწორობა აღადგინა და გუნდი მარცხისგან იხსნა - 2:2.
ტრადიციულად, ირაკლი იეგოიანი ექსელსიორის სასტარტო 11-ეულში იყო და შეუცვლელად ითამაშა. დაცვასა თუ შეტევაში ბევრი იმუშავა, კარგი ფიზიკური მომზადება კიდევ ერთხელ აჩვენა და გოლით გუნდს დაეხმარა.
ირაკლის დღევანდელი თამაშიდან გოლის გარდა კიდევ ერთი მომენტია გამოსაყოფი, პირველ ტაიმში თანაგუნდელის მისამართით კარგი გადაცემა შეასრულა.
იეგოიანის მესამე გოლი სეზონში
ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში იეგოიანმა 15 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
მე-17 ტურში იეგოიანის გოლით ექსელსიორმა ზვოლე დაამარცხა, 3 ქულა მოიპოვა და გასული წელი ასე დასრულდა. Voetbalprimeur-ის ვერსიით, აიაქსთან და ზვოლესთან მოგებული მატჩების შემდეგ იეგოიანი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ასევე, ზვოლესთან მატჩის შემდეგ კრალინგენის ვარსკვლავის ჯილდო მიიღო, რომელიც ექსელსიორის დაწესებული პრიზია და კონკრეტულ მატჩში ექსელსიორის საუკეთესო მოთამაშეს გადასცემს.
ხაზი უნდა გავუსვათ კიდევ ერთ ფაქტს, მთავარი მწვრთნელი რუბენ დენ უილი დიდ ნდობას უცხადებს, მუდმივად სასტარტო 11-ში ამწესებს და მიმდინარე სეზონში 15-დან მხოლოდ ორ შეხვედრაში შეცვალა.