„უნგრეთსაც ასეთი დონის გუნდი ჰყავდა“ - ხელბურთელები ხორვატებთან მატჩამდე
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატს ხვალ დაიწყებს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება. მოწინააღმდეგე უსერიოზულესი და ტიტულოვანია - დალმაციელებს სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი, ორჯერ ოლიმპიური თამაშები და ერთხელ ევროპის ჩემპიონატი აქვთ მოგებული. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი და დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან, რაც კაპიტნის ზურაბ ცინცაძისა და გიორგი ცხოვრებაძის მიერ ტელეკომპანია „იმედთან“ გაკეთებული კომენტარებიდანაც კარგად დასტურდება.
ზურაბ ცინცაძე
საწვრთნელმა პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. მზადების ფინალურ ეტაპზე ვართ და ვეთამაშებით ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ხორვატიას, რაც ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. შევეცდებით არამარტო ქართველი ხალხი, არამედ მთლიანად ხელბურთის სამყარო გავაოცოთ.
გიორგი ცხოვრებაძე
ხორვატიას წარდგენა არ სჭირდება, უძლიერესი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, რადგან უნგრეთიც უძლიერესი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა მათთან გამარჯვება მაინც შევძელით. პირველივე წუთებიდან მობილიზებულები უნდა გამოვიდეთ და მოსაგებად ყველაფერი გავაკეთოთ.
ცნობისათვის, საქართველო - ხორვატიის შეხვედრა შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება და თბილისის დროით ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება.