„ალკარასი ჩემს თავს მახსენებს“ - ფედერერმა ესპანელზე ისაუბრა
„წარმოგიდგენიათ თუ არა თქვენი თამაში როგორი იქნებოდა კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის წინააღმდეგ“ - ასეთი შეკითხვა დაუსვა ჩოგბურთის შვეიცარიელ ლეგენდას როჯერ ფედერერს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა, რაზეც მას თავდაპირველად გაეღიმა, თუმცა შემდეგ საქმეს სერიოზულად მიუდგა და საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა.
როჯერ ფედერერი
თუ არ ვცდები უიმბლდონის ბოლო გათამაშებაზე, როდესაც ერთმანეთს გრიგორ დიმიტროვი და იანიკ სინერი უპირისპირდებოდნენ, ტრიბუნაზე ვიჯექი და ცოტა შემექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ რას გავაკეთებდი იტალიელის წინააღმდეგ რომ გავსულიყავი კორტზე. დიმიტროვის თამაშიდან გამომდინარე, ამოცანა იოლად ამოვხსენი, რადგან ის სათამაშო სტილით ძალიან მგავს. სერიოზულად სწორედ მაშინ დავფიქრდი, როგორ ვიასპარეზებდი სინერის წინააღმდეგ. იგივე ფიქრები თავში ნამდვილად არ მქონია, როდესაც ჯოკოვიჩი-სინერის მატჩს ვუყურებდი შანხაიში - მაშინ უბრალოდ სანახაობით ვტკბებოდი და ორივე ჩემგან სრულიად განსხვავებულ ჩოგბურთს თამაშობდა.
სინერისგან განსხვავებით, როდესაც ალკარასის თამაშს ვუყურებ, ჩემსა და მას შორის ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავ. მოკლე დარტყმებისთვის მომენტების შერჩევაში, ბადესთან გასვლის, პასიური და აგრესიული თამაშისას ალკარასი ზუსტად ისე იქცევა, როგორც მე ვიქცეოდი. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, მაყურებლის ამპლუაში ყოფნით მოხარული ვარ, რადგან ჩოგბურთის ყურება ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა, როდესაც ვთამაშობდი, რადგან ვცდილობდი მეტოქეების სუსტი და ძლიერი მხარეები გამეანალიზებინა.
შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა და რამდენიმე ხნის წინ ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის Forbes-ის მონაცემებით, მისმა კაპიტალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შედეგად შვეიცარიელი ჩოგბურთელი რიგით მეშვიდე მილიარდერი სპორტსმენი გახდა.