ცარუკიანი: თუ პიმბლეტი გეიჯის მოუგებს, ეს ჩემთვის პრობლემა იქნება
ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის მომავალ ბრძოლაში არმან ცარუკიანი მხარს ამერიკელ მებრძოლს დაუჭერს, რადგან ბრიტანელის გამარჯვება მას UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას კიდევ უფრო დააშორებს.
„იმედი მაქვს, პედი წააგებს. რადგან თუ ის გაიმარჯვებს, ეს ჩემთვის პრობლემა იქნება. ის შეეცდება ჩემთან ბრძოლას თავი აარიდოს, UFC კი მას ხელს შეუწყობს. მათ (UFC-ის) პედი მოსწონთ. როგორ მოხდება ეს? მას დაუპირისპირებენ მაქსს, ჩარლზს, ან ვინმეს ტოპ-15-დან. მისი მეტოქე ისეთი მებრძოლი გახდება, ვისაც მოუგებს და ყველას ფულს მოუტანს.
ასე რომ, კი, მე მხარს ჯასტინს ვუჭერ. ეს ჩემთვის საუკეთესო სცენარია და მას შანსიც აქვს. მას დიდი გამოცდილება აქვს, არც ისე მოხუცია, თუმცა მისი ყბა ისეთი გამძლე აღარ არის, როგორც ადრე. მაგრამ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს - მან იცის თეიქდაუნებისგან თავის დაცვა და როგორც სტრაიკერი (დამრტყმელი), პედიზე უკეთესია“,
- განაცხადა ცარუკიანმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.
გეიჯისა და პიმბლეტის ორთაბრძოლა, რომელიც მსუბუქ წონაში დროებით ჩემპიონს გამოავლენს, 24 იანვარს ლას-ვეგასში, UFC 324-ის მთავარი მოვლენა იქნება.